ახალი ამბები

შუქრუთელების აქციის მონაწილე ამბობს, რომ პირადი ცხოვრების კადრებით დაემუქრნენ

2 ივნისი, 2021 • 1340
შუქრუთელების აქციის მონაწილე ამბობს, რომ პირადი ცხოვრების კადრებით დაემუქრნენ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვერა კუპატაძე აცხადებს, რომ უცნობი პირი ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა.

ორკვირიანი პროტესტის მონაწილეები, რომელთა ნაწილმაც პირიც ამოიკერა, ამბობენ, რომ პროტესტის დაწყებისას აქციებში თითქმის მთელი სოფელი მონაწილეობდა, ახლა კი მხოლოდ 10 ოჯახი დარჩა. მათი თქმით, ნაწილი შეთავაზებულ კომპენსაციას დათანხმდა, ნაწილი კი აქციებს შანტაჟისა და მუქარის გზით ჩამოაშორეს.

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ შანტაჟი და მუქარა მათ წინააღმდეგაც განხორციელდა, თუმცა პოლიციას მხოლოდ ერთხელ მიმართეს. კერძოდ, ვერა კუპატაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ მის ტელეფონზე უცხო პირმა უცხო ნომრიდან დარეკა და დაემუქრა, რომ მისი ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გაავრცელებდა.

აღნიშნული ზარის შემდეგ ვერამ პოლიციას მიმართა, უწყებამ ის ტელეფონი წაიღო, რომელშიც ზარი განხორციელდა, თუმცა 61 წლის ქალისთვის ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე ახალი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

ვერა კუპატაძე ფიქრობს, რომ აღნიშნული ზარის ავტორი ის კომპანიაა, რომელსაც პროტესტის მონაწილეები უპირისპირდებიან. ნეტგაზეთმა კომპანია “შუქრუთი+”-ის წარმომადგენელს, ვლადიმერ სალაძეს პროტესტის მონაწილეების ბრალდებების შესახებ დაუსვა შეკითხვა, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა ბრალდება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ამ გზით პროტესტის მონაწილეები ვითარების გამწვავებას ცდილობენ.

61 წლის ვერა კუპატაძემ ერთ-ერთია პროტესტის იმ მონაწილეთა შორის, რომლებმაც დაახლოებით 2 კვირის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირი ამოიკერეს. შუქრუთელები “ჯორჯიან მანგანეზისგან” ითხოვენ ადეკვატურ კომპენსაციას, რადგან მათი კონტრაქტორები სოფლის მიწის ქვეშ, სიღრმეში, მადანს მოიპოვებენ, რის გამოც მათი სახლები დაზიანდა, ეზოები კი ჩავარდა. ისინი უკვე მეოთხე დღეა, თბილისში ჩამოვიდნენ და პროტესტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გამოხატავენ.

რამ აიძულა პირამოკერილი მოქალაქეები პროტესტის 105-ე დღეს მაღალმთიანი იმერეთიდან დედაქალაქში, სხვა ქვეყნის საელჩოსთან გადმონაცვლება? ამის შესახებ მათი პასუხი ერთია: საქართველოს ხელისუფლებისა და იმ კომპანიის უყურადღებობამ, რომელიც მათი სოფლის ქვეშ, მიწაში, მადანს მოიპოვებს, შედეგად კი, ხალხს სახლები ენგრევა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი