ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩვენი ქალების სექსუალური თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით”| ფემინისტი აზერბაიჯანიდან

1 ივნისი, 2021 • 1728
“ჩვენი ქალების სექსუალური თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით”| ფემინისტი აზერბაიჯანიდან

ესაუბრა გუნელ მევლუდი


22 წლის ნარმინ შაჰმარზადე აზერბაიჯანში ცნობილი ფემინისტი და  პაციფისტია. პროფესიით ფსიქოლოგი ნარმინ შაჰმარზადე პირველად მაშინ გახდა პოპულარული, როდესაც აზერბაიჯანის ეროვნული გმირი მუბარიზ იბრაჰიმოვი გააკრიტიკა. “ერის გრძნობების შეურაცხყოფის” ბრალდებით ნარმინის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. ერთი წლის წინ მას 100 დღით შინაპატიმრობა  მიუსაჯეს.

მეორედ ნარმინს 2021 წლის 8 მარტს, ქალთა აქციის შემდეგ დაესხნენ თავს, – ის აქციის თანაორგანიზატორი იყო. მის სოციალური ქსელების ანგარიშებში შეაღწიეს და პროსახელისუფლებო მედიასა და სოციალურ ქსელებში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია გაავრცელეს.

აქტივისტი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა ყარაბაღის მეორე ომის დროსაც, როდესაც მშვიდობას დაუჭირა მხარი. 


ეროვნული გმირის კრიტიკის გამო საზოგადოების მწვავე რეაქციები და თავდასხმები 19 წლის ასაკში. როგორ შეიცვალა ამის შემდეგ თქვენი ცხოვრება? 

როდესაც მთელი ქვეყანა განგიხილავს, მნიშვნელობა არც აქვს, შენ გიჭერენ მხარს თუ შენ წინააღმდეგ არიან, ეს მაინც ნიშნავს იმას, რომ ყველა გცნობს. 

მე გავაკრიტიკე ის, რაც ბევრს ღირებულებად მიაჩნდა და, შესაბამისად, უმრავლესობის სიძულვილიც დავიმსახურე.

ვგრძნობდი, ვხედავდი ამ სიძულვილს ყველა ნაბიჯზე. მაშინ მესამე კურსზე ვსწავლობდი. უნივერსიტეტი შეეცადა, გავერიცხე, მაგრამ ვერ შეძლეს. ვსწავლობდი კარგად, ასევე, ვიცოდი ჩემი, როგორც სტუდენტის უფლებები და ვიბრძოლე. 

სტუდენტობის დროს ვმუშაობდი მათემატიკის საგნის რეპეტიტორად, ვთარგმნიდი, გამოცდების წინ ანტისტრესულ თერაპიებს ვატარებდი. ამ შემთხვევის შემდეგ კი ყველა შეკვეთა გამიუქმეს. აღარც პროექტებსა და ეთერში მიწვევდნენ. ამასობაში ყველა ჩემი ფინანსური დანაზოგი ამოიწურა. ამ ყველაფერთან ერთად პერიოდულად სასამართლოებზე მივდიოდი, სადაც ჩემ მიმართ აგრესიულად განწყობილი ადამიანთა ჯგუფები მოდიოდნენ და თავს მესხმოდნენ. ესენი იყვნენ ყოფილი სამხედროები, სამხედრო ფორმებში და ხელში დროშებით, ხოჯალის ფოტოებით და ა.შ. ისინი სასამართლო დარბაზში ყველა ადგილს იკავებდნენ.

ეს ხალხი სასამართლომდე და სასამართლოს შემდეგ თავს მესხმოდა, მაფურთხებდა და ცდილობდა პროვოკაციას. სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ სპეციალური დაცვით მივყავდი ხოლმე სასამართლოზე. მოსამართლეებს ეშინოდათ, არ მოვეკალი. შესაბამისად, დახურეს საქმე, მაგრამ ბრალმდებლებმა კვლავ შეიტანეს საჩივარი. საბოლოო ჯამში, 100 დღით შინაპატიმრობა მომესაჯა – ფეხზე სამაჯური დამიმაგრეს და სახლს მიღმა გასვლა ამიკრძალეს. 

ერთხელ მაინც გავედი ახალგაზრდების აქციაზე. დამაკავეს და ციხით მაშანტაჟებდნენ. ახლა შედარებით შემსუბუქდა სიტუაცია, თუმცა სიძულვილი და ზეწოლა საზოგადოების მხრიდან ისევ არსებობს.,

ამ შემთხვევის შემდეგ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ფემინისტად და პაციფისტად გიცნობენ. რომ არა ეს შემთხვევა, ახლა უბრალოდ ფსიქოლოგი იქნებოდით? 

ამ მოვლენებამდე, როგორც ახალგაზრდა ფსიქოლოგი, ძალიან აქტიური ვიყავი. ბავშვთა სახლებში ვატარებდი ტრენინგებს სოციალურ თემებზე. ვაწყობდი ტრენინგებს რეგიონებში ქალთა უფლებებზე და ა.შ. 

მუბარიზ იბრაჰიმოვის ისტორიის შემდეგ დავკარგე სამსახური და ჩემი, როგორც ფსიქოლოგის, საქმიანობაც შეწყდა. აღარც ტრენინგების ორგანიზების უფლებას მაძლევნენ. ასე რომ, კი, რომ არა ეს შემთხვევა, ალბათ, წარმატებული ფსიქოლოგის კარიერა მექნებოდა და აქტივიზმი იქნებოდა უბრალოდ ჰობი, თუმცა მე არაფერს ვნანობ. 

რამდენიმე თვის წინ თქვენი ანგარიშები “დაჰაკეს” სოციალურ ქსელებში და პირადი სახის ინფორმაცია გაასაჯაროეს. როგორი გავლენა ჰქონდა ამას თქვენზე? 

ყოველთვის ვიცოდი, რომ ოდესმე პირადი ცხოვრებით დამაშანტაჟებდნენ, რადგან ამას საკმაოდ ხშირად იყენებს ჩვენი სისტემა, განსაკუთრებით, ქალებთან საბრძოლველად. თუმცა მანამდე ვერ ვიფიქრებდი, რომ მე, რიგითი აქტივისტი, ამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყავი მათთვის. 

შეეცადნენ ვეჩვენებინე, როგორც “ამორალური” ქალი, თუმცა მე არასოდეს მქონია პრეტენზია იმაზე, რომ წმინდანის ცხოვრებით ვცხოვრობ. ამიტომ, ყურადღება არ მიმიქცევია. საქმე ის არის, რომ ჩვენ, ფემინისტი აქტივიტები, ვიბრძვით ჩვენი ქალების სექსუალური თავისუფლებისთვისაც. ამიტომ უაზრობა იქნებოდა, საკუთარი სექსუალური ცხოვრების ამსახველი მასალების გამო სირცხვილი მეგრძნო. არც იმის ფუფუნება მქონია, რომ დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი, ეს ცუდი მაგალითი იქნებოდა სხვა ქალებისთვის. მე არ ჩავკეტილვარ და არ შემიწყვეტია საკუთარი საქმიანობა. ვფიქრობდი, რომ ზუსტად ჩემი რეაქცია იქნებოდა მაგალითი სხვა ქალებისთვის. ყოველთვის მოვუწოდებდი ქალებს, ყოფილიყვნენ ძლიერები, თავისუფლები და როდესაც მე პირადად შევეჯახე “ინტიმური ცხოვრების გამხელის” პრობლემას, ჩემი ვალი იყო, სწორი მაგალითი მეჩვენებინა. 

დევნა, სიძულვილი,  გაუპატიურებისა და მკვლელობის მუქარები – ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა არ გქონიათ? 

ასეთ მუქარებს დღესაც ვიღებ. არ მეშინია. მხოლოდ ჩემი უშიშობის მეშინია. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს არაა ნორმალური. ამ საკითხზე ფსიქიატრთანაც ვყოფილვარ. მხოლოდ ერთხელ გამიელვა თავში, რომ შემიძლია ქვეყანა დავტოვო, თუმცა მალევე უკუვაგდე ეს აზრი.  ბევრს ზუსტად ეს უნდა, რომ წავიდე და მოვკეტო. ასეთ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ. 

მას შემდეგ, რაც სამსახურებმა კონტრაქტები შეუწყვიტეს, რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?

უკვე ორი წელია ფსიქოლოგიურ  და ფსიქოანალიტიკურ კონსულტაციებს ვუწევ ადამიანებს.

ერთი წლის წინ ერთ-ერთი საიტზე ვმუშაობდი ფრილანსერად, ვწერდი სტატიებს და საკუთარი ბლოგი მქონდა. ომის დროს ამ სამსახურიდან წამოვედი, ვინაიდან ეს ვებ-გვერდი მხარს უჭერდა საომარ მოქმედებებს. ამჟამად ვწერ რამდენიმე უცხოური მედიისთვის. აზერბაიჯანში კარგ სამსახურს კარგი შემოსავლით ვერ ვიშოვი – აქტივისტის სამსახურში აყვანას ვერავინ გაბედავს.

ყარაბაღის მეორე ომის დროს თქვენ მშვიდობას უჭერდით მხარეს და, როგორც ყველა ფაციფისტი, ძლიერი კრიტიკისა და სიძულვილის წინაშე აღმოჩნდით. როგორ ფიქრობთ, რატომ არსებობს ასეთი სიძულვილი ორივე ქვეყანაში პაციფისტების მიმართ? 

ორივე ხელისუფლება წლების განმავლობაში სიძულვილის პროპაგანდას ეწეოდა, მხარს უჭერდა ნაციონალურ განწყობებს და მოსახლეობის საბრძოლო სულიკვეთებას მედიაში, სოციალურ ქსელებში. 

თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში სამშვიდობო პროცესით არავინ ყოფილა დაკავებული. შედეგად, მივიღეთ ორი ერი, რომელსაც ერთმანეთი სძულთ და ისინიც სძულთ, ვინც ამ სიძულვილს არ იზიარებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ისინი, ვინც მშვიდობის მხარეს იყვნენ და მეზობელ ქვეყანას მტერს არ უწოდებნენ, ხალხის მტრებად შერაცხეს. ეს გასაგებია, ხალხი მართვადია. ისევე, როგორც მათი სიყვარული და სიძულვილი. 

როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ყარაბაღის ომს დასრულებული ვუწოდოთ?  

მე არ მივიჩნევ ომს დასრულებულად. ომის სრული დასრულებისთვის ყველაფერი უნდა დასრულებულიყო გამჭვირვალედ და შეთანხმებულად, ორივე საზოგადოების თანხმობით. დღეს კი მხოლოდ რევანშიზმის სულიკვეთებას, სიძულვილის და შუღლის სურვილს ვხედავთ ორივე მხრიდან. რთულია ისაუბრო მშვიდობაზე ასეთ გარემოებებში. 

ათასობით ადამიანი დაიღუპა ორივე მხრიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ათასობით ოჯახისთვის მტრის ხატი სულ ახლახან ჩამოყალიბდა. გაჩნდა ახალი თაობა – “დაღუპულთა შვილები”, რომლებიც გაიზრდებიან სიძულვილით. ეს შეუძლებელს ხდის ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობას და მშვიდობას. 

რა შედეგები მოუტანა ყარაბაღის ომმა აზერბაიჯანს? მაგალითად, შეიცვალა თუ არა ადამიანის უფლებების კუთხით სიტუაცია? 

ომის შემდეგ ხალხში ხელისუფლებისადმი მადლიერების გრძნობა გაჩნდა. ომმა პატრიარქატს ძალები შემატა და ყველა პრობლემა, რომელიც აქ ადამიანის უფლებების კუთხით არსებობდა, უკანა პლანზე გადავიდა. იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებობდეს ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემა, პატრაიარქატმა ძალა უნდა დაკარგოს, დასუსტდეს. თუმცა ყველაფერი პირიქით ხდება. ომმა გენდერულ თანასწორობასაც “დაარტყა”, რადგან, როგორც წესი, ომში იღუპებიან კაცები, რამაც მამრობითი სქესი უფრო “ჰეროიკულად და დაზარალებულად” წარმოაჩინა. 

როგორია საზოგადოების ფსიქოლოგიური განწყობა ომის შემდეგ? 

არსებობს კლასიკური ფრაზა “ ომში გამარჯვებული არავინაა”. ფსიქოლოგური თვალსაზრისით, მე შემიძლია, ეს ფრაზა გავამართლო. ომში ორივე მხრიდან ბევრი ადამიანი დაიღუპა ან დაზარალდა ფიზიკურად და მენტალურად. ბევრი ადამიანი დარჩა მამის გარეშე, ქალები – ქმრების, მშობლებმა შვილები დაკარგეს. დაღუპულთა რიცხვი 3000-მდეა, მაგრამ პირადი ტრაგედია ათეულობით ათასი ადამიანისთვის დადგა. მილიონებმა განიცადეს შიში, ომის საშინელება. შეიძლება ერთი შეხედვით ეს ასე არ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს აუცილებლად აისახება ყოველდღიურობაში ურთიერთობებზე. ომი ტრავმირებულ თაობას ზრდის. ეს ტრავმირებული ადამიანები საკუთარ ტრავმებს საკუთარ შვილებს გადასცემენ. პირველი ომი რომ არ ყოფილიყო, ახალი თაობა სხვანაირი იქნებოდა.  მაგრამ ისინიც ტრავმირებული იყვნენ, რადგან ომის და მის შემდეგ წლებში გაიზარდნენ. ეს ორივე მხარეს ეხება, ორივე საზოგადოებას. ომი ახლაც აგრძელებს ადამიანების ცხოვრების, თაობების განადგურებას და ამას ბოლო არ უჩანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი