ახალი ამბები

არაფორმალური მმართველობის ფორმები არსებობს – გახარიას გუნდის წევრი ივანიშვილზე

31 მაისი, 2021 • 1148
არაფორმალური მმართველობის ფორმები არსებობს – გახარიას გუნდის წევრი ივანიშვილზე

“მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში მე პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვების და ჩართულობის შესაძლებლობა მომეცა, ვფიქრობ, რომ არაფორმალური მმართველობის ფორმები საქართველოში არსებობს”, — ასე უპასუხა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა კითხვას, არაფორმალური მმართველია თუ არა ბიძინა ივანიშვილი.

ლილუაშვილი ამბობს, რომ “ყველაფერს თავის დრო აქვს” და გიორგი გახარიაც თვითონ იტყვის, რაც აქვს ბიძინა ივანიშვილზე სათქმელი.

“არავის არაფერს ვუპასუხებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების შეფასებები და ყოველთვის გამოვალთ ამ შეფასებებიდან გამომდინარე. გახარიასთან მიმართებით საქართველოს მოქალაქე დაინახავს, ვისი პროექტია — პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის პროექტი. არ ვაპირებ ჩაბმას იმ პოლიტიკური ბატალიების ნაწილში, რომელშიც ყველა მხარეს უნდა, ჩაგვითრიოს. უბრალოდ დრო არ არის”, — განაცხადა ლილუაშვილმა ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ იმის თაობაზე, თუ რატომ არ ისაუბრა გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის როლზე.

ბექა ლილუაშვილი ასევე გამოეხმაურა ნეპოტიზმთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის კომენტარს. პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნების შემდეგ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ქვეყნის მთავარ პრობლემებად სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი დაასახელა, მაშინ, როდესაც გასულ წელს, პარლამენტში დეპუტატთა წინაშე გამოსვლისას, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ უარყო, რომ იმ კომპანიების შერჩევისას, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის უფლება მიეცათ, ორმაგ სტანდარტებს და კორუფციას ჰქონდა ადგილი. ამავე დღეს თქვა მან ფრაზა:

“რა კორუფცია, ხალხო! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ!”.

ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ კორუფციასთან დაკავშირებით გახარიას ზემოაღნიშნული ორი განცხადების შეპირისპირება კონტექსტს მოკლებულია.

“ნუ ცდილობთ პოლიტიკური შეფასების განზოგადებას, რომელიც გაკეთებული იყო კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში პარლამენტში, ეხებოდა კონკრეტულ საკითხს პანდემიურ პერიოდში თანხებთან დაკავშირებით და არ იყო ზოგადი, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასების ნაწილი”, — განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა მოქალაქეთა რეალურ პრობლემებს — გახარია

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი