ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ვიზიტის გამო სააკაშვილი უკრაინელი ბიზნესმენის მიმართ სანქციებს ითხოვს

31 მაისი, 2021 • 1821
სოხუმში ვიზიტის გამო სააკაშვილი უკრაინელი ბიზნესმენის მიმართ სანქციებს ითხოვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე მიმართვით ეხმაურება უკრაინელი ბიზნესმენის, საშა ორლოვის სოხუმში ვიზიტსა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრას.

“კიევის კლუბების მფლობელი საშა ორლოვი მოპარული ქონების დასანაწილებლად ჩავიდა ჩემს მშობლიურ სოხუმში, საიდანაც მოსახლეობის 80% რუსეთის აგრესიის დროს გამოყარეს და რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაა, ისევე, როგორც ყირიმი და დონბასი – უკრაინის.

იმ პარკში, სადაც ეს სუბიექტი დადის, სოხუმის დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ 36 უკრაინელი მოხალისე მებრძოლის სისხლია დაღვრილი. მას, ალბათ, მის ძვლებზე მორიგი კლუბის აშენება სურს. ალბათ, ბატონი ორლოვისთვის სულერთია ეს, რადგან ღირსება და მორალი მას არ აწუხებს. ეს არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, უკრაინის მიმართაც მტრული აქტია. მოვუწოდებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, ამ პერსონაჟით დაკავდნენ. იქნებ მისით არ ინტერესდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ გააჩნია ტელეარხები, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს? მხოლოდ ამიტომ არ მოქმედებს მასზე სანქციები? არაუშავს, რომ ის უკრაინის იმიჯს ლახავს მთელ რეგიონში? სულერთია ეს?

როგორც კიევისა და ოდესის მცხოვრები, მე პირადად ბოიკოტს ვუცხადებ ყველა მის კლუბს, ასევე, ყველა იმ დაწესებულებას, სადაც ბატონ ორლოვს წილი აქვს [Queen Kyiv, Queen Country club Kiyv, Queen Odessa, Not Only Fish, Tanuki, «Жёлтое море», «Рыба пила», Eshak, Fish Fetish]. ნამდვილად არ მსურს, რომ ამ ვაჭრუკანამ ჩემი ფულიდან ერთი გრივნა მაინც მიიღოს. იმავეს მოვუწოდებ ყველა ჩემს მეგობარს, უკრაინის პატრიოტებს და მათ, ვინც საქართველოს გულშემატკივრობენ”, – წერს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი