ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან იმყოფებიან.

როგორც ერთ-ერთმა მომიტინგემ ფორმულას განუცხადა, ხელისუფლებას მათი პრობლემები და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აინტერესებს, ამიტომ, ისინი დახმარება აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს სთხოვენ.

“ხელისუფლება არ დაინტერესებულა არც ჩვენი ჯანმრთელობის და არც საცხოვრებლის პრობლმებით. ამიტომ, გვინდა მივმართოთ აშშ-ს  ელჩს. ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით. კელი დეგნანს მივმართავთ, იქნება ჩვენი პრობლემებით დაინტერედეს”, – ამბობს მომიტინგე.

შუქრუთელი დემონსტრანტები საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლასაც აპირებენ, თუმცა ჯერ არკვევენ აქვთ თუ არა ამის სამართლებრივი უფლება.

პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ “ჯორჯიან მანგანეზმა” მათ სოფელში მადნის მოპოვება შეწყვიტოს ან დაზარალებულებს განსახლებისთვის ადეკვატური კომპენსაცია გადაუხადოს.

შუქრუთში მცხოვრებმა რამდენიმე, რომლებიც წლებია, „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, 11 მაისს პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა. ისინი ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვენ ყურადღებას.

სოფელ შუქრუთის მოსახლეობა არაერთი წელია აცხადებს, რომ მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმოებული სამუშაოების გამო ზარალდებიან — სახლებს ბზარები უჩნდება, ეზოებში მიწა სკდება, დაზიანდა გზა და ა.შ. პროტესტის მონაწილეები კომპანიის მხრიდან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ, თუმცა კომპანია ამ მოთხოვნას არ ეთანხმება.

„ჯორჯიან მანგანეზის“ პოზიციით, ზიანი, რაზეც ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მიუთითებს, კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება, საბჭოთა პერიოდში წარმოებული სამუშაოებითაა გამოწვეული და ჯერ კიდევ იმ პერიოდშია კომპენსირებული.