ახალი ამბები

მოსამართლეთა კონფერენციამ კლანი გაამყარა – NGO-ები

28 მაისი, 2021 • 630
მოსამართლეთა კონფერენციამ კლანი გაამყარა – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 მოსამართლე წევრის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ ამ ქმედებით სრულად უგულებელყო საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება და ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გაამყარა სასამართლოს სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის პოზიციები.

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ წარსული რეფორმების სისტემური გადაფასების და საფუძვლიანი ცვლილებების გარეშე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის მისი მიზნების მიღწევას:

“26 მაისს გამართულ კონფერენციასთან დაკავშირებით მმართველმა ძალამ პროცესების სრული იგნორირების სტრატეგია არჩია და პასუხისმგებლობის ტვირთი მთლიანად გადაიტანა კონკრეტულ მოსამართლეებსა და სასამართლოში არსებულ გავლენიან ჯგუფზე. ხელისუფლების უმოქმედობა და რეალური პასუხისმგებლობისგან გაქცევა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის პერსპექტივას, რაც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ეს მოცემულობა კი მიუთითებს ხელისუფლების ნების არქონაზე, გაატაროს რეალური რეფორმა და გადადგას ნაბიჯები ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად”, – აცხადებენ ხელმომწერ ორგანიზაციებში.

NGO-ების თქმით, ცალკე შეშფოთებას იმსახურებს სასამართლო ხელისუფლებაში განსხვავებული, კრიტიკული აზრის უკიდურესი დეფიციტი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 26 მაისს ჩატარებულ კონფერენციაზე მოსამართლეთა კორპუსს არ ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია, თუ ვინ იქნებოდა საბჭოს წევრობის კანდიდატი და აღნიშნული მათთვის მხოლოდ კონფერენციის დღეს გახდა ცნობილი.

შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ კონფერენციაში მონაწილე მოსამართლეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რეალურად მოესმინათ კანდიდატების ხედვა და მოსაზრებები სისტემაში არსებულ ვითარებაზე:

“ამის მიუხედავად, მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ყოველგვარი კითხვებისა და დაინტერესების გარეშე დაუჭირა მხარი წამოყენებულ კანდიდატებს. 26 მაისის კონფერენცია მიანიშნებს არა მარტო იმაზე, რომ სასამართლოში არსებობს გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი, არამედ იმაზეც, რომ სისტემაში განსხვავებული, კრიტიკული აზრის დაფიქსირება უკიდურესად რთულია”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში.

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ფასადური რეფორმებით საერთაშორისო პარტნიორები და ქართული საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მას სასამართლოს სიტემის რეფორმირების სურვილი აქვს.

ამავდროულად, მათი შეფასებით, ხელისუფლება არ აღიარებს სისტემაში არსებულ მთავარ პრობლემას – მოსამართლეთა კლანის არსებობას. დოკუმენტის ავტორების თქმით, მმართველმა გუნდმა, პირველ რიგში, უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობის შედეგად შექმნილი მძიმე ვითარება და შემდგომი სასამართლო რეფორმები სწორედ ამ გამოწვევების გააზრებით უნდა განახორციელოს:

“დაანონსებული სასამართლოს რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ნამდვილი პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული რეფორმის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. შესაბამისად, ქართულმა ოცნებამ უნდა უზრუნველყოს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომლის მიზანიც სასამართლოს და, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კლანის წევრებისგან გაწმენდას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერებასა და საბჭოში მიუკერძოებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას მოემსახურება” ,- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

  • საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და ამ მიზნით უზრუნველყოს ინკლუზიური, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თანხმობაზე დაფუძნებული განხილვის პროცესი;
  • საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთოს სასამართლოს რეფორმის მიმდინარეობის პროცესში და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ყველა იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უშლის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში.

გნაცხადებას ხელს აწერენ:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • უფლებების საქართველო;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

26 მაისს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე, რომელსაც 284 მოსამართლე ესწრებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 4 ვაკანტურ ადგილზე 4 კანდიდატი აირჩიეს: თემურ გოგოხია, ბადრი შონია ლევან მიქაბერიძე და გოჩა აბუსერიძე.

აღნიშნული მოსამართლეები საზოგადოებისთვის არაერთი გახმაურებული საქმის განხილვით გახდნენ ცნობილნი, რომელთა შორისაა “ბირჟა მაფიის”, დეკანოზ მამალაძის, ნიკა მელიას, “თბილავიამშენისა” და სხვა საქმეები.

ვრცლად წაიკითხეთ:

ვინ აირჩიეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

მასალების გადაბეჭდვის წესი