ახალი ამბები

გუმათთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს – ომბუდსმენის წარმომადგენელი

27 მაისი, 2021 • 1309
გუმათთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს – ომბუდსმენის წარმომადგენელი

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლის ინფორმაციით, სოფელ გუმათთან პოლიციისა და ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის დაძაბულობისას ორი ადამიანი დააკავეს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ არიან დაკავებულები. სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, აქციის ორი მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

თუმცა, აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დაკავებულია 2-ზე მეტი პირი. როგორც ომბუდსმენის წარმომადგენელმა ნეტგაზეთს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.

ნეტგაზეთი აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტოსთან ცდილობს.

სოფელ გუმათთან, სადაც პოლიციის მიერ აღმართულ რკინის ბარიკადებთან ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, ხმაურია.

შეკრებილები პროტესტს რკინის ბარიკადებზე ხელის დარტყმით გამოხატავდნენ, რასაც პოლიციის მიერ ბარიკადების იმ მხარეს გადმოსვლა მოჰყვა, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დგანან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი