შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
შსს-ს განცხადებით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სოფელ გუმათთან, სადაც პოლიციის მიერ აღმართულ რკინის ბარიკადებთან ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, ხმაურია.
შეკრებილები პროტესტს რკინის ბარიკადებზე ხელის დარტყმით გამოხატავდნენ, რასაც პოლიციის მიერ ბარიკადების იმ მხარეს გადმოსვლა მოჰყვა, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დგანან.
როგორც აქციაზე მყოფი ნეტგაზეთის რეპორტიორი იტყობინება, დაკავებულია ორი პირი. დაკავებულების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.