ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო სომეხი ჯარისკაცების დაკავებას იუწყება, ერევანი აცხადებს, რომ ისინი გაიტაცეს

27 მაისი, 2021 • 1247
ბაქო სომეხი ჯარისკაცების დაკავებას იუწყება, ერევანი აცხადებს, რომ ისინი გაიტაცეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დააკავეს სომეხი ჯარისკაცების 6-კაციანი ჯგუფი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გზების დანაღმვას ცდილობდა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ სინამდვილეში გაიტაცა სომეხი ჯარისკაცები სომხეთის ტერიტორიიდან.

ბაქოს განცხადება

“27 მაისს, დაახლოებით დილის 03:00 საათზე, სომხური შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-საბოტაჟის ჯგუფმა სცადა შეჭრილიყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

მყისიერი ზომების შედეგად, მტრის 6 ჯარისკაცი, რომლებიც ცდილობდნენ დაენაღმათ აზერბაიჯანული პოზიციების მომარაგების გზები, დაკავებულია, განეიტრალებულია და გადაყვანილია საპყრობილეში”, – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბაქოს ცნობით, მათ საზღვართან აღკვეთეს სომხური ტანკების გადაადგილებაც, თუმცა, რა ფორმით, ეს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული.

დილით რამდენიმე საბრძოლო მანქანა, მათ შორის სომხური შეიარაღებული ძალების ტანკები, დაფიქსირდა სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს. ჩვენი ძალების მიერ მიღებული ზომების შედეგად, მათი გადაადგილება შეჩერდა.

ამჟამად სიტუაცია ჩვენი შენაერთების კონტროლქვეშაა”, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

“ისინი გაიტაცეს სომხეთის ტერიტორიიდან” 

“ჩვენი ჯარისკაცები გაიტაცეს სომხეთის ტერიტორიიდან”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის განცხადებით, 6-ვე ჯარისკაცი ასრულებდა საკუთარ მოვალეობას სომხეთის ტერიტორიაზე. ისინი ახორციელებდნენ დანაღმვით სამუშაოებს და ასევე ამონტაჟებდნენ გამაფრთხილებელ ნიშნებს.

“ინციდენტი მოხდა ჩვენს ტერიტორიაზე, ეს არის პირდაპირი საფრთხე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, რაც ასევე არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა ვიყენებდეთ ყველა საერთაშორისო შესაძლებლობას სიტუაციის გადაჭრისთვის. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ამისათვის”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანულ მხარეს ორი მთავარი მიზანი აქვს.

“ერთი, ეს არის სიტუაციის იმგვარი წარმართვა, რომ სამხედრო წარმომადგენლობა ჩვენს ტერიტორიაზე წარმოჩინდეს, როგორც ნორმალური ფენომენი. მეორე სცენარი არის სამხედრო კონფრონტაციის პროვოცირება, რათა სიტუაცია კონტროლიდან გამოიყვანოს. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაუყოვნებლივ, უპირობოდ უნდა დატოვოს სომხეთის ტერიტორია”, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა 6-ვე დაკავებული ჯარისკაცის პირადი ინფორმაცია.

რა ხდებოდა აქამდე?

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო კვირების განმავლობაში სასაზღვრო დაპირისპირება მიმდინარეობს.

საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ დაწყებულა.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა კონტროლი მოიპოვა სომხეთთან სახელმწიფო საზღვრის სამხრეთ ნაწილზე, დაიწყო საკუთარი სასაზღვრო საგუშაგოებისა და პოზიციური ნაგებობების მოწყობა.

აზერბაიჯანის განცხადებით, ის იკავებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მას ეკუთვნის. ერევნის პოზიციის თანახმად, აზერბაიჯანი არღვევს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სომხეთმა აღნიშნულ საკითხზე მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და რუსეთის ფედერაციას, თუმცა, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს მხოლოდ მხარეებს შორის საზღვრის შეთანხმების პროცესში მედიატორის როლის შესრულება შეუძლია.

25 მაისს ცნობილი გახდა, რომ სასაზღვრო დაპირისპირებაში გარდაიცვალა ერთი სომეხი ჯარისკაცი. იმავე დღეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა მეორე ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებაც.

ჯარისკაცების გარდაცვალებამდე სომხურმა მხარემ საზღვარზე ხელჩართული ჩხუბის შედეგად 11 სომეხი ჯარისკაცის დაშავების შესახებ განაცხადა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 24 მაისიდან მოყოლებული სომხური მხარე აზერბაიჯანული პოზიციების წინააღმდეგ ხსნის ცეცხლს.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სასაზღვრო შეთანხმება ვერ მოხდება მანამ, სანამ აზერბაიჯანული ძალები სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.


ნეტგაზეთმა 25 მაისს, სასაზღვრო ინციდენტამდე ადრე, გამოაქვეყნა ინტერვიუ შტეფან მაისტერთან, რომლის განცხადებითაც, რეგიონში ვითარება კვლავ კიდევ უფრო იძაბება, ხოლო ნიკოლ ფაშინიანის მიერ რაიმე სასაზღვრო შეთანხმებაზე ხელის მოწერა “პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნებოდა”.

იხილეთ ინტერვიუ:

რეგიონი უფრო სახიფათო ხდება – სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი

მასალების გადაბეჭდვის წესი