ახალი ამბები

“ალტ ინფოს” გადაცემით მაყურებელს ზიანი მიადგა — კომუნიკაციების კომისია

27 მაისი, 2021 • 2480
“ალტ ინფოს” გადაცემით მაყურებელს ზიანი მიადგა — კომუნიკაციების კომისია

შესწორება: კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლა “ალტ-ინფოს” ეთერში 5 მარტს გასული გადაცემა ანალიტიკა და არა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან მაისში მომზადებული რეპორტაჟი, როგორც ეს სტატიის თავდაპირველ ვარიანტში ეწერა. კომუნიკაციების კომისიისთვის ამ რეპორტაჟთან დაკავშირებით ჯერ არავის მიუმართავს და შესაბამისად, არც რაიმე გადაწყვეტილებაა მიღებული. 

კომუნიკაციის კომისიამ 2 500 ლარით დააჯარიმა ულტრამემარჯვენე ტელეკომპანია „ალტ ინფო“. როგორც მარეგულირებელი აცხადებს, ამის მიზეზი ტელეკომპანიის მიერ უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირება გახდა.

„საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში 5 მარტს, 21:00 საათზე, გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ „ალტ-ანალიტიკას“.

აღნიშნული გადაცემა კომისიამ  სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა, რომელსაც ამ დრომდე არ ეძლევა შესაძლებლობა, ნინოწმინდის პანსიონში შევიდეს და  მონიტორინგი განახორციელოს.

“დასახელებული პროგრამა შეიცავდა უხამსობას. კერძოდ, გადაცემაში გამოყენებული იყო უცენზურო ლექსიკა, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული,  საგანმანათლებლო  ან  მეცნიერული  ღირებულება.  ამასთან, დეპარტამენტის დასკვნით, უხამსი ლექსიკის გამოყენებით შეილახა ადამიანის უფლებები”, — აცხადებს კომუნიკაციების კომისია.

მარეგულირებლისვე ცნობით, ეთერში განთავსებულ პროგრამაში ასევე განხორციელდა ბავშვზე ფიზიკური ძალადობის, ზოგადად, ძალადობის და ბულინგის გამართლება. აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ პროგრამაში დადებითად არის შეფასებული ძალადობა, რაც საქართველოს  სისხლის  სამართლის  კოდექსის მიხედვით  დანაშაულს  განეკუთვნება.

მარეგულირებელმა კომისიამ “მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის” დარღვევისთვის “ალტ ინფოს” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც, სადაც აღნიშნულია, რომ ომბუდსმენმა “აღნიშნული საკითხის შესწავლა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად გადაწყვიტა, რადგან გადაცემაში ბავშვთა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ნებისმიერი ფორმის ძალადობა განიხილებოდა, როგორც არასრულწლოვანთა აღზრდის სწორი და საჭირო ფორმა; ამასთან, პირდაპირ ახალისებდა ბავშვთა მიმართ ძალადობას და ძალის გამოყენებას მორალურ ვალდებულებად წარმოაჩენდა.”

“წამყვანები ისეთ ფრაზებს და მათ შორის, უხამს გამონათქვამებს აჟღერებდნენ, რაც ძალადობის, განსაკუთრებით კი ოჯახში, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წახალისებას წარმოადგენდა, იყო დისკრიმინაციული, ისლამოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის. გადაცემაში დადებით კონტექსტში იყო განხილული გენდერული სტერეოტიპები, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და ძალადობის მანკიერი პრაქტიკა”, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებით, საგულისხმოა, რომ ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მსგავსმა რიტორიკამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საზოგადოების მხრიდან დანაშაულის სიმძიმის სათანადოდ აღქმას, მოახდინოს ძალადობის ნორმალიზება და წაახალისოს მის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება, რაც უარყოფითად აისახება დანაშაულის შესახებ შესაბამისი უწყებებისადმი მიმართვიანობის ხარისხზე, არსებითად უშლის ხელს როგორც დანაშაულის გამოვლენას, ასევე, მსხვერპლთა დაცვასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დროულ და ეფექტურ განხორციელებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი