ახალი ამბები

შსს: გუმათში რკინის ჯებირებს ქვებს ურტყამდნენ, დაწყებულია გამოძიება

27 მაისი, 2021 • 1163
შსს: გუმათში რკინის ჯებირებს ქვებს ურტყამდნენ, დაწყებულია გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობითვე, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.

“ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”,-აცხადებენ შსს-ში.

გუშინ, 26 მაისს, “ნამახვან ჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისიდან რიონის ხეობაში დაბრუნდნენ და პროტესტი იქ გააგრძელეს. სოფელ გუმათთან, პოლიცის მიერ აღმართულ რკინის ბარიკადებთან ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილნი. ისინი პროტესტს რკინის ბარიკადებზე ხელის დარტყმითა და ხმაურით გამოხატავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი