ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დემარკაცია არ დაიწყება, სანამ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები აქ არიან – ფაშინიანი

26 მაისი, 2021 • 1287
დემარკაცია არ დაიწყება, სანამ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები აქ არიან – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი არ დაიწყება მანამ, სანამ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებიან აზერბაიჯანელი ჯარისკაცები.

ფაშინიანმა ეს განცხადება დღეს, 26 მაისს პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატთა კითხვებს პასუხობდა.

“სომხეთი ხელს არ მოაწერს დოკუმენტს დელიმიტაცია-დემარკაციის თაობაზე მანამ, სანამ აზერბაიჯანული ფორმირებები არ დატოვებენ სომხეთის ტერიტორიას”, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, თავდაპირველად ნავარაუდევი იყო, რომ მხარეები დროებით განლაგდებოდნენ საბჭოთა კავშირის დროს შეთანხმებული საზღვრების მიხედვით, მანამ, სანამ საბოლოო საზღვრები არ შეთანხმდებოდა.

“თუმცა, ბოლო მოვლენებით, აზერბაიჯანმა ჩაშალა ეს პროცესი. მომავალი მოლაპარაკებები შეიძლება გაიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აზერბაიჯანული ძალები დატოვებენ სიუნიქისა და გეღარქუნიქის რეგიონებს”, – მიმართა ფაშინიანმა პარლამენტარებს.


გუშინ, 25 მაისს სომხურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა ერთი სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლე. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაღუპული იყო კიდევ ერთი, ჯამში, ორი სომეხი ჯარისკაცი.

ნეტგაზეთმა 25 მაისს, სასაზღვრო ინციდენტამდე ადრე, გამოაქვეყნა ინტერვიუ შტეფან მაისტერთან, რომლის განცხადებითაც, რეგიონში ვითარება კვლავ კიდევ უფრო იძაბება, ხოლო ნიკოლ ფაშინიანის მიერ რაიმე სასაზღვრო შეთანხმებაზე ხელის მოწერა “პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნებოდა”.

იხილეთ ინტერვიუ:

რეგიონი უფრო სახიფათო ხდება – სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი

მასალების გადაბეჭდვის წესი