ახალი ამბები

აქტივისტების ცნობით, გუმათჰესთან შსს-მ რკინის ბარიკადები კვლავ აღმართა

26 მაისი, 2021 • 1017
აქტივისტების ცნობით, გუმათჰესთან შსს-მ რკინის ბარიკადები კვლავ აღმართა

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეების ცნობით, გუმათჰესთან შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ აღმართა რკინის ბარიკადები.

ამ ადგილას შსს-მ რკინის ბარიკადები თავდაპირველად 14 აპრილს აღმართა. მათივე ინფორმაციით, შემდეგ ბარიკადების ნაწილი აიღეს, ნაწილი კი ამ დრომდე ადგილზე რჩებოდა. დღეს დილით ადგილობრივებს კვლავ დახვდათ ის ბარიკადები, რომლებიც მანამდე აღებული იყო. ამასთან, მათი ინფორმაციით, მაშინ, როცა ბარიკადების მხოლოდ ერთი ნაწილი იყო განლაგებული, აქტივისტებს გადაადგილებაც ეზღუდებოდათ.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ზვიად ფალავანდიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ნამახვანის მიმართულებით თავისუფლად გადაადგილება შეზღუდულია და ადგილზე მყოფი სამართალდამცავები ბარიკადებს იქით მიმავალ ხალხს ამოწმებენ.

“გვერდზე სოფელში მიდოდნენ ბიჭები პანაშვიდზე და დაახლოებით ერთი საათი დააყენეს, გადარეკეს-გადმორეკეს, ბოლოს გაუშვეს, მაგრამ უთხრეს, რომ ნამახვანთან მანქანა არ გაეჩერებინათ, თორემ მეორედ აღარ გაუშვებდნენ”, – განმარტა ფალავანდიშვილმა.

მისი თქმით, ადგილზე ასევე მობილიზებული არიან შეიარაღებული სამართალდამცველები, ცოტა ხნის წინ კი ამ მიმართულებით სპეცრაზმის 14-მდე ავტომანქანამ ჩაიარა.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციის დასაზუსტებლად, თუმცა უწყებისგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რიონის ხეობიდან თბილისში გადმოინაცვლეს და დედაქალაქში დაიწყეს აქციების გამართვა. გუშინ, 25 მაისს კი აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ 26 მაისს კვლავ რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ და ადგილზე შეეცდებიან მშენებლობისთვის ხელის შეშლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი