ახალი ამბები

“გასაჯაროვდეს ნამახვანჰესთან დაკავშირებული დოკუმენტები” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

26 მაისი, 2021 • 763
“გასაჯაროვდეს ნამახვანჰესთან დაკავშირებული დოკუმენტები” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრის [ყოფილი EMC] განცხადებით, მედიასაშუალება “მთის ამბების” მიერ მოპოვებული იუსტიციის სამინისტროში მომზადებული დასკვნა ნამახვანჰესის მშენებლობისთვის სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმების შესახებ ცხადყოფს, რომ “ამ ხელშეკრულებით საქართველოს მთავრობა თმობს სახელმწიფო ინტერესებს”.

” [დოკუმენტი] ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ნამახვანიჰესის ხელშეკრულების პირობების შეუთავსებლობას სახელმწიფოს ინტერესებთან. დასკვნა მთავრობის და სახელმწიფო კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების მასშტაბურობას აკრიტიკებს მაშინ, როდესაც დასკვნის თანახმად, აღნიშნულის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მაქსიმალურად არის დაცული [კომპანიის] უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები“, – განაცხადეს დღეს, 26 მაისს, ორგანიზაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ხელშეკრულების არსებული პირობები სახელმწიფოს აყენებს უკიდურეს უთანასწორობაში, ხოლო იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში მოყვანილი შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა არ ყოფილა მთავრობის მიერ გათვალისწინებული.

“ჩვენი შეფასებით, ხელშეკრულებაში არსებული უსამართლო და დაუბალანსებელი პირობების ერთობლიობა განაპირობებს ხელშეკრულების მხარეთა უკიდურეს უთანასწორობას და საჯარო ინტერესების დათმობას კერძო ინტერესის სასარგებლოდ. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა შეიცავს სხვა არაერთ კრიტიკულ შენიშვნას ხელშეკრულების მიმართ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაცია გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ „შეთანხმების ფურცელს“, რომელშიც, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ცნობით, შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობაა ასახული. სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ არაერთი შენიშვნა გათვალისწინებული არ იქნა, მაგალითად, იმიტომ, რომ „ინვესტორი არ ეთანხმება შენიშვნის შინაარსს“. ხოლო ის პუნქტები, რომლებიც დოკუმენტის მიხედვით, “გათვალისწინებულია”, გულისხმობს იმას, რომ ეს კონკრეტული შენიშვნა განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინა მთავრობას და არა იმას, რომ ის [შენიშვნები] აუცილებლად გაითვალისწინეს და შეცვალეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს იმ დოკუმენტების გასაჯაროებას, რომელიც მომზადდა ნამახვანჰესის მშენებლობის ხელშეკრულებაზე მუშაობის პროცესში.

კერძოდ:

  • ხელშეკრულების ის რედაქცია, რომელზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა მომზადდა;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა;
  • პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი;
  • საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 აპრილის განკარგულების (რომლითაც ნამახვანიჰესის ხელშეკრულება მოიწონა) განმარტებითი ბარათი, ადმინისტრაციული წარმოების სრულ მასალასთან ერთად.

მედიასაშუალება “მთის ამბებმა” 25 მაისს მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს მიერ იმ დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას სახელზე 2019 წლის მარტში გაგზავნილი დასკვნა, რომელიც ეხება „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებას. იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროები ამ დროისთვის დოკუმენტზე კომენტარს არ აკეთებენ.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნა შეიცავს 22 შენიშვნას.

დოკუმენტს ხელს აწერს იმ დროს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე – მიხეილ სარჯველაძე.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. “მთის ამბების” მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 30 მარტს, 26 დღით ადრე გაეგზავნა.

იხილეთ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნა:

იუსტიციის სამინისტროს 22 შენიშვნა ნამახვანის კონტრაქტზე – “მთის ამბები”

მასალების გადაბეჭდვის წესი