ახალი ამბები

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა

25 მაისი, 2021 • 943
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 25 მაისს გაიმართა.

ცვლილებათა პაკეტი 3 კანონპროექტს მოიცავს. ერთ-ერთმა კანონპროექტმა 92 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, დანარჩენი ორის სასარგებლოდ  კი ხმა 91-მა კანონმდებელმა მისცა.

“ამბიციური საარჩევნო რეფორმა” წარმოადგენს ერთ-ერთ დათქმას დოკუმენტისა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

ცვლილებათა პაკეტი გულისხმობს:

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების წესის ცვლილებას;
  • ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის ცვლილებას;
  • პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას;
  • ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნის/არჩევის წესის ცვლილებას;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებათა დაზუსტებას;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის წესში, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა არჩევისა/დანიშვნისა და უფლებამოსილებების ცვლილებებს;
  • წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვას;
  • კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების წესების და ვადების ცვლილებებს;
  • კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადებისა და წესის ცვლილებას;
  • მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობის განსაზღვრის ახალ წესს. – პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების გამოთვლის წესების ცვლილებას;
  • არჩევნებში გარკვეულ მოქმედებათა ელექტრონული საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობებს.

კანონპროექტების ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები — შალვა პაპუაშვილი და ლევან იოსელიანი, ინიციატორები კი —  შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი, ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, კახაბერ კუჭავა, ნიკოლოზ სამხარაძე, ავთანდილ ენუქიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირაკლი ჩიქოვანი.

“წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საარჩევნო კოდექსში აისახოს ნორმები, რომლებითაც აღმოიფხვრება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამოვლენილი ცალკეული ხარვეზები, ასახავს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების საკითხებზე და უპასუხებს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული ზემოხსენებული მემორანდუმის სულისკვეთებას”, — ნათქვამია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტში.

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი რამდენიმე ცვლილება გადახედვას საჭიროებს — TI

მასალების გადაბეჭდვის წესი