ნეტგაზეთი | პრეზიდენტმა სტრასბურგში რუსეთთან დავის მოგებისთვის 10 ადამიანი დააჯილდოვა პრეზიდენტმა სტრასბურგში რუსეთთან დავის მოგებისთვის 10 ადამიანი დააჯილდოვა – Netgazeti
Batumelebi | RU

პრეზიდენტმა სტრასბურგში რუსეთთან დავის მოგებისთვის 10 ადამიანი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში “საქართველოსთვის ისტორიული შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული პირადი წვლილის, თავდაუზოგავი შრომისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის” ღირსების ორდენით 10 ადამიანი დააჯილდოვა.

ღირსების ორდერით დააჯილდოვეს:

  • შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი;
  • გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს ყოფილი უფროსი ავთანდილ დვალიშვილი;
  • სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი როინ კაშმაძე;
  • სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ლომიძე;
  • შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ასეულის მონიტორინგის ჯგუფის ყოფილი უფროსი სპეციალისტი რაჟდენ კოპალიანი;
  • იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე თამარ როსტიაშვილი;
  • მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ყოფილი უფროსი გამომძიებელი მამუკა ფარულავა;
  • პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ფაღავა;
  • იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბექა ძამაშვილი;
  • იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან მესხორაძე.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები.

“ეს დღეები საქართველოსთვის სადღესასწაულო დღეებია. ხვალ, 26 მაისის დღესასწაული და გენერალ კვინიტაძის დაკრძალვაა. ამ დღეებში ძალიან სწორად მიმაჩნია, რომ ჩვენ ასევე აღვნიშნოთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. ეს ძალიან დიდი მოვლენა და ისტორიული მიღწევაა იმ ძალიან რთულ ბრძოლაში, რომელიც დეოკუპაციის ბრძოლის გაგრძელებისთვის ახალ ინსტრუმენტს გვაძლევს. ამით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გადავლახეთ და მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი პოზიცია გავამყაროთ. ეს პოზიცია გაამყარა სტრასბურგის სასამართლომ”, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ისაუბრა ყველა უწყების ერთობლივ ძალისხმევაზე სტრასბურგში საქმის მოსაგებად და თქვა, რომ როცა არის ერთობლივი მიზანი და საქმეში ჩართულია ყველა, არა — პარტიული მიდგომებით, სახელმწიფოებრივ მიზანს ვაღწევთ.

“ძალიან ბევრი მტკიცებულება დაგროვდა და ამ მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილება გვაძლევს შედეგს ყველა სხვა მიმართულებით, ეს იქნება ბორდერიზაციასთან ბრძოლის თუ იმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით, რომლებიც დაზარალებულად არიან აღიარებული. ეს გადაწყვეტილება გვაძლევს ახალ იარაღს იმისთვის, რომ ჩვენ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ. ამიტომ, მინდა, ამ საქმეში ჩართულ ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო. აქვე არ შემიძლია, რომ არ ვახსენო იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ძალიან დიდხანს ამ საქმის სათავეში იდგა. დღეს ის იუსტიციის მინისტრი აღარ არის, მაგრამ ამ საქმეში მის წვლილს მადლიერებით აღვნიშნავთ”, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

21 იანვარს გამოცხადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) დიდი პალატის გადაწყვეტილება აგვისტოს ომის სახელმწიფოთაშორის დავაზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”. სასამართლომ დიდწილად გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ კონვენციის ისეთი მუხლების დარღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, გადაადგილების თავისუფლება, ასევე თქვა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია პროცედურულ დარღვევებზეც, ვერ უზრუნველყო რა ეფექტიანი გამოძიება და სასამართლოსთან თანამშრომლობა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.