ახალი ამბებირეკლამა

ეროვნულ ბიბლიოთეკას საზღვრისპირა სოფლების სკოლების მოსწავლეები ესტუმრებიან

25 მაისი, 2021 • 1321
ეროვნულ ბიბლიოთეკას საზღვრისპირა სოფლების სკოლების მოსწავლეები ესტუმრებიან

26 მაისს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, თბილისის მუზეუმების გაერთიანებასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, მოსწავლეებისთვის ღონისძიება გაიმართება. 

ღონისძიების ფარგლებში, თბილისს ეწვევა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, განსაკუთრებით დაზარალებული საზღვრისპირა სოფლების, მე-10-12 კლასის 50 მოსწავლე. 

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ არაერთი პროექტი მოზარდების წიგნიერებით დაინტერესებასა და შემეცნებას ემსახურება, თუმცა ყველაზე მეტი, რაც მათ შეგვიძლია მივცეთ, თავისუფლების განცდაა. ამიტომ, პარტნიორებთან ერთად, სიამოვნებით ვუმასპინძლებთ ჩვენი საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებ მოზარდებს, რომლებსაც უფრო ახლოდან გავაცნობთ იმ ადამიანებსა და მოვლენებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა განაპირობა“, –  ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი. 

„ის, რომ თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია, ნიშნავს, რომ, გარკვეულწილად, ამ ტიტულს მთელი საქართველო იზიარებს. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები შესანიშნავი ბავშვების მასპინძლობა, სიმბოლურად 26 მაისს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ. ეს ტენდენცია, ძირითად პროგრამას, მთელი წელი დაერთვება“, – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.  

„ჩვენი სტუმრები საზღვრისპირა სოფლებიდან, გაეცნობიან კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმის მთავარ ექსპოზიციას, რომელიც ოთხმოციანი წლების ეპოქის აღდგენის მცდელობაა და რომელიც წინ უძღოდა საბჭოთა იმპერიის ნგრევას. ისინი გაეცნობიან დამოუკდებლობისთვის მებრძოლთა სახელებსა და მოვლენებს და ნათლად დაინახავენ ეპოქის წინააღმდეგობით აღსავსე სოციალურ-მორალურ სურათს“, – ამბობს თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი, ნინი სანადირაძე.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მოსწავლეები დაათვალიერებენ დამოუკიდებლობის დარბაზს და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ გამოფენას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის სამი წლის განმავლობაში გამოცემული პრესა და წიგნები, იმ პერიოდში გამოქვეყნებული სამხედრო ბრძანებები, საგარეო ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტები და ფოტომასალა. ასევე, ესტუმრებიან წიგნის მუზეუმსა და მოუსმენენ ლექციას დამოუკიდებლობის შესახებ, რომელსაც წაიკითხავს ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე. 

ლექციის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ეწვევიან კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმს. ისინი გაეცნობიან ცნობილი აღმოსავლეთმცოდნისა და საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებელ, კოტე წერეთლისა და „თვითმფრინავის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრის, მხატვარ სოსო წერეთლის შემოქმედებით და ბიოგრაფიულ დეტალებს.

პარალელურად, მოსწავლეები დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებენ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და, ერთი წლის განმავლობაში, მოზარდებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.   

განრიგი: 

  • 11:15 – სტუმრობა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
  • 14:30 – სტუმრობა კოტე და სოსო წერეთლების სახლ-მუზეუმში. 

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სახელით, ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები, მიიღებენ სიმბოლურ საჩუქრებს და ინგლისურენოვან წიგნებს კომპანია Emglish books-ისგან. 

თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი