ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“იქნებ ევროპის ცა გაიხსნას აფხაზეთისთვის” | ბჟანია

25 მაისი, 2021 • 1485
“იქნებ ევროპის ცა გაიხსნას აფხაზეთისთვის” | ბჟანია

“აეროპორტი ნომერ პირველი ამოცანაა. 2024 წლის იანვარი განვსაზღვრეთ აეროპორტის ჩაშვების თარიღად, თუმცა ვერსად გავფრინდებით რუსეთის გარდა. როგორც ყირიმის შემთხვევაში მოხდა. იქნებ მომავალში ევროპის ცაც გაიხსნას ჩვენთვის”, – განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში. 

“ის, რომ არ ვართ აღიარებული, ართულებს ჩვენს ცხოვრებას. იგივე აეროპორტი რომ ავიღოთ, ის აქამდეც იმუშავებდა, რომ არა საქართველოს და სხვა მისი მხარდამჭერი ქვეყნების პოზიცია.

ჩვენ ყველასთან გვინდა მეგობრობა, ჩვენს შვილებსაც უნდათ ჩასვლა, მაგალითად, ათენში ან რომში. ასეთ  შესაძლებლობას მოკლებული ვართ. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს სწორია და სამართლიანი. ჩვენ ასე არ მივიჩნევთ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ფანჯარა ევროპაში რუსეთის ფედერაციის გავლით”.


დე ფაქტო პრეზიდენტის ცნობით, სოხუმის აეროპორტის სრულფასოვნად ამუშავებისთვის დაახლოებით 4,5 მილიარდი რუსული რუბლია [დაახლოებით, 50 მილიონი ევრო] საჭირო.

რუსი ინვესტორის მიერ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის საკითხი უკანასკნელი წლების განმავლობაში აქტუალურია.

სოხუმის აეროპორტის გახსნის თემას თბილისი დაახლოებით ორი წლის წინ გამოეხმაურა.

“საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ”, – ასე შეაფასა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სოხუმის აეროპორტში რუსული მხარის მიერ საპროექტო სამუშაოების დაწყება.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, როგორც მაშინ სააგენტოში აცხადებდნენ, “ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე”.

სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.

ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი