ახალი ამბები

“კომპანიამ ჩვენი სხვა მუშებით ჩანაცვლება სცადა” – გაფიცვის 22-ე დღე ოზურგეთში

25 მაისი, 2021 • 1431
“კომპანიამ ჩვენი სხვა მუშებით ჩანაცვლება სცადა” – გაფიცვის 22-ე დღე ოზურგეთში

ოზურგეთის ფქვილის ქარხნის მუშები, რომლებიც უკვე 22 დღე არიან გაფიცული, აცხადებენ, რომ კომპანია ცდილობს ცალკეულად, ერთჯერადად დაიქირავოს მუშები, რათა ქარხნის ტერიტორიიდან პროდუქცია გაიტანონ.

გაფიცულთა თქმით, კომპანია ამ გზით ცდილობს გაფიცვის შედეგების თავიდან აცილებას, ისე, რომ კვლავ არ დააკმაყოფილოს მშრომელთა მოთხოვნები.

“ვითარება გუშინ დაიძაბა. დამსაქმებელმა დაიქირავა მუშები, რომლებიც ობიექტზე პროდუქციის დასატვირთად შეიყვანა. ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვა ემოციური რეაგირება და დავბლოკეთ ქარხნის შესასვლელი”, – გვიყვება ოზურგეთის ფქვილის ქარხნის ერთ-ერთი გაფიცული მუშა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ არსებობდა განცდა, კომპანია პროდუქციას ღამით, კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ გაიტანდა, ისინი ქარხნის შესასვლელთან, მანქანებში დარჩნენ, რათა ეს არ დაეშვათ.

კომპანიაში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ მართლაც სცადეს ქარხნის ტერიტორიაზე ტრაილერის შეყვანა და პროდუქციის გატანა.

“შევეცადეთ ტრაილერის შეყვანა, რათა პროდუქცია არ გაფუჭდეს, მაგრამ [გაფიცულები] არ აძლევენ ამის საშუალებას”, – აცხადებენ ქარხნის ადმინისტრაციაში.

კომპანიის განცხადებით, ის ფაქტი, რომ დროებით დაიქირავეს თანამშრომლები, არ არღვევს გაფიცვის უფლებას.

მათივე თქმით, კომპანიის იურისტმა მიმართა ყველა უწყებას, რათა მომხდარიყო რეაგირება.

“მხოლოდ 112-ზე დავრეკეთ ხუთჯერ. ჭიშკარი, სადაც ტრაილერი უნდა გავიდეს, ეს ხალხი ვერ განარიდეს. ველოდებით სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას, რომ ტრაილერი გავიყვანოთ”, – გვითხრეს გურიაექსპრესის ადმინისტრაციაში.

მთავარი მოთხოვნა – ხელფასის მატება 150 ლარით

“ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის ხელფასი ფიქსირებული 800 ლარი. აქამდე ჩვენ გვქონდა ფიქსირებულად 650 ლარი, მაგრამ იყო შრომითი ექსპლუატაცია. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტში 650 ლარი ეწერა, როგორც ფიქსირებული, ჩვენ გვამუშავებდნენ საათობრივ ანაზღაურებამდე და გვატყუებდნენ. ხან საათში 2 ლარი გამოგვდიოდა, ხან — 3, და თვის განმავლობაში ვაგროვებდით 12 სამუშაო დღეს, 15 დღეს, ხელფასს კი არასტაბილურად ვიღებდით, ხან- 300 ლარს, ხან- 450 ლარს, ხანაც- 500-ლარს”, — უთხრა ნეტგაზეთს საწარმოს ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა 13 მაისს.

გარდა ხელფასების მატებისა, გაფიცული თანამშრომლები ითხოვდნენ შრომითი პირობების გაუმჯობესებას.

“დაწესებულებაში უნდა მოეწყოს გამოსაცვლელი ოთახი და აბაზანა. გაფიცულები ითხოვენ სამზარეულოს კეთილმოწყობასაც, ხელმძღვანელობის მხრიდან დასაქმებულებისადმი პატივისცემასა და შესაბამის მოპყრობას, ხელფასის შრომა-საათებისა და ღამის ცვლების გათვალისწინებით, სამართლიან გამოთვლას; თანაბარ პოზიციებზე დასაქმებული პირებისთვის თანაბარ ანაზღაურებასა და დამლაგებლის შტატის შექმნას”, — უთხრა გაფიცულთა ადვოკატმა ნეტგაზეთს.

საწარმოს ადმინისტრაციის განცხადებით, შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.


ოზურგეთის ფქვილის ქარხანა შპს “გურიაექსპრესის” ეკუთვნის.

ფოტო გარეკანზე: თაზო ნადირაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი