ახალი ამბები

კახა კუჭავა ვარლამ გოლეთიანს შეხვედრას სთავაზობს

24 მაისი, 2021 • 1425
კახა კუჭავა ვარლამ გოლეთიანს შეხვედრას სთავაზობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ მისი აპარატის წარმომადგენლები ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს დაუკავშირდნენ და შეხვედრა შესთავაზეს.

კუჭავას თქმით, პირველ შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ექნება, შეთავაზება კი იმის გარკვევას ისახავს მიზნად, რამდენად ხედავენ აქციის მონაწილეები დისკუსიაში პარლამენტის ჩართვის შესაძლებლობას და მათ სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რომელიც მოკლე ვადებში განიხილავს აღნიშნულ საკითხს, რომელიც საჯარო იქნება:

“ჩემი აპარატიდან შეხვედრასთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ვარლამ გოლეთიანს. ძალიან მარტივი მიზეზით, რომ გამეცნო და მომესმინა, რამდენად არის და ისინი ხედავენ საშუალებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ დისკუსიაში, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციების დაახლოება.

ან იქნებოდა შეთანხმება მიღწეული, ან არა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, პროცესი ყოფილიყო საჯარო. ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, არ არის კონსტრუქციულობის ფარგლებში. ფიზიკურად შეუძლებელია, საკითხები განხილულ იქნას ასეულობით ადამიანთან.

მით უმეტეს, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობისას ნამდვილად გვქონდა ეს პრაქტიკა, როდესაც მსგავს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ყველა შეხვედრა ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა. ჩემი კარები ყოველთვის ღიაა. თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია შევხვდე, რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს”, – ამბობს კუჭავა.

მისი თქმით, შეთავაზება ძალაშია და თუ აქციის ორგანიზატორებისგან იქნება მზაობა, შესაძლებელია სამუშაო ფორმატი წარიმართოს ოპოზიციური პარტიების ჩართულობით:

“ეს არის უბრალოდ შეთავაზება, ისინი თვლიან თუ არა საჭიროდ პარლამენტის ჩართულობას, რომ საკითხი, რომელიც ყველას ადარდებს, კონსენსუსის გზით გადაწყდეს” ,— ამბობს კუჭავა.


რიონის ხეობაში, კარვებში, 208-დღიანი პროტესტისა და ქუთაისში გამართული აქციების შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა თბილისში გადაინაცვლეს.

“ბრძოლა იწყება აქ და ახლა და ჩვენ მას ბოლომდე მივიყვანთ. მნიშვნელოვანია, განწყობილი ვიყოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის”, — მიმართა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა აქცია 4 ძირითადი მოთხოვნით დააანონსეს:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

თუმცა, უშუალოდ აქციაზე მოთხოვნებს დაემატა მორატორიუმის გამოცხადება მთელ ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე და ახალი ენერგოპოლიტიკის შემუშავება საზოგადოებრივი ჩართულობით და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ყველა პირზე, ვინც ხელს აწერს ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი