ახალი ამბებისამართალი

პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის გადადებას ითხოვენ

24 მაისი, 2021 • 4071
პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის გადადებას ითხოვენ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით შემუშავებულ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვენ.
ხელმომწერების განცხადებით,  პრინციპულად მნიშვნელოვანია, არ განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე) წევრების არჩევა მანამ, სანამ პარლამენტი არ შეიმუშავებს შეთანხმებით გათვალისწინებულ საკანონმდებლო ცვლილებებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფომირების მიზნით.
მათი განცხადებით, აღნიშნული შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რეფორმის ამ ნაწილის განხორციელებამდე მორატორიუმის გამოცხადებას გულისხმობს, პარლამენტში უკვე შესულია.
“საბჭოს დაკომპლექტებისკენ გადადგმული ნაბიჯები და/ან ამ ნაბიჯების მხარდამჭერი პოზიცია (თუნდაც გამართლებული ფორმალური სამართლებრივი საფუძვლებით), მანამ, სანამ პარლამენტს არც კი დაუწყია მსჯელობა რეფორმის ამ ნაწილზე, ჩვენი მხრიდან შეფასებულია როგორც 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულების არშესრულების მცდელობა”, – აცხადებენ განცხადების ავტორები.
დოკუმენტის ხელმომწერები ასევე აღნიშნავენ, რომ სასამართლოს სწორი და სიღრმისეული რეფორმა ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული მომავლის ქვაკუთხედია.
მათი თქმით, აღნიშნული საკითხის აქტუალობას ამძაფრებს ისიც, რომ სასამართლოს შესაბამისი რეფორმის განხორციელება წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გაგრძელების მკაცრ წინაპირობას, რის შესახებაც საუბარი იყო ელჩების მიერ ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშიც:
“საქართველოს მოქალაქეებს არაერთი წარუმატებელი სასამართლო რეფორმა ახსოვთ, ამის უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ ვერც რეფორმის პროცესმა და ვერც შედეგმა სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში ვერ შექმნა ნდობა. საზოგადოების ნდობა კი კრიტიკულად აუცილებელია – მის გარეშე შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები შედეგს ვერ გამოიღებს”, – აცხადებენ განცხადების ავტორები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პარტიები მიიჩნევენ, რომ ა.წ. 26 მაისს დანიშნული მოსამართლეთა კონფერენცია, რომლის მიზანია იუსტიციის საბჭოს 4 ახალი წევრის არჩევა, უნდა გადაიდოს.
მათი განცხადებით, ახალი მოსამართლე წევრები უნდა აირჩიონ ახალი წესით, რომლის შემუშავებაც რეფორმის ფარგლებში უნდა მოხდეს. ასევე, რეფორმა უნდა უსწრებდეს წინ საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასაც:
“ჩვენი მხრივ, ვიღებთ ვალდებულებას, პარლამენტმა პრიორიტეტულად გამოყოს კონკრეტულად იუსტიციის საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხი და გონივრულ ვადაში მოხდეს შესაბამისი ცვლილებების ინიცირება და მიღება, რათა ინსტიტუციების მუშაობა არ შეფერხდეს. ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების სხვა საკითხების რეფორმირება განხორციელდეს ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა, როგორც ეს შეთანხმებაშია მითითებული” ,- აღნიშნავენ ოპოზიციაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ:
  • საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“
  • პოლიტიკური გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებელი“
  • ხათუნა სამნიძე, „რესპუბლიკური პარტია“
  • დავით ბაქრაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი
  • ზურა ჯაფარიძე – „გირჩი – მეტი თავისუფლება“

ამ თემაზე წაიკითხეთ:

იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი