ახალი ამბები

იტალიაში მცხოვრებმა ქართველებმა ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს

24 მაისი, 2021 • 1094
იტალიაში მცხოვრებმა ქართველებმა  ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს

იტალიის ქალაქ ბარიში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს და მხარი დაუჭირეს თბილისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტს.

აქციის მონაწილეების თქმით, უერთდებიან პროტესტს, რომელთა ბრძოლამ ფარტომასშტაბიანი სახე მიიღო და საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ:

“საქართველოს კუთვნილებაში არ არის არცერთი ჰესი. ეს პროცესი დღევანდელ ხელისუფლებას არ დაუწყია, დიდი ხანია მიმდინარეობს და ნელ-ნელა ჩვენი ქვეყანა ემსგავსება კოლონიას. მოსახლეობას, ბუნებრივია, გაუჩნდა პროტესტის გრძნობა. რაც უფრო სიღრმისეულად ვსწავლობთ ამ საკითხს, გაოცებას ვერ ვმალავთ ხელისუფლების ამ გაუგონარ საქციელზე. ჩვენ, ქართველი ემიგრანტები, ერთ მუშტად შეკრულნი ვდგავართ და იმედით შემოგყურებთ რიონის ხეობის დამცველებს” ,- აცხადებენ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.

რიონის ხეობაში, კარვებში, 208-დღიანი პროტესტისა და ქუთაისში გამართული აქციების შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა თბილისში გადაინაცვლეს.

“ბრძოლა იწყება აქ და ახლა და ჩვენ მას ბოლომდე მივიყვანთ. მნიშვნელოვანია, განწყობილი ვიყოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის”, — მიმართა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა აქცია 4 ძირითადი მოთხოვნით დაანონსეს:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

თუმცა, უშუალოდ აქციაზე მოთხოვნებს დაემატა მორატორიუმის გამოცხადება მთელ ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე და ახალი ენერგოპოლიტიკის შემუშავება საზოგადოებრივი ჩართულობით. ასევე, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ყველა პირზე, ვინც ხელს აწერს ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი