თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
რიონის ხეობაში, კარვებში 208-დღიანი პროტესტისა და ქუთაისში გამართული აქციების შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა თბილისში გადაინაცვლეს.
საპროტესტო აქციის მოთხოვნებია:
- გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, რასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. საპროტესტო მოძრაობის გაძიერების ფონზე, 2021 წლის 12 მარტს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გამოაცხადა, რომ „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორთან დიალოგის შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას, რომ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა ძირითადი კვლევების გადამოწმებამდე არ დაიწყება. მოგვიანებით, მარტის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კვლევების ვალიდაციამდე აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები 9-12 თვემდე ვადით შეჩერდებოდა.