ახალი ამბები

კორონავირუსის ვაქცინები ინდური შტამის მიმართ ეფექტურია — კვლევა

23 მაისი, 2021 • 1821
კორონავირუსის ვაქცინები ინდური შტამის მიმართ ეფექტურია — კვლევა

ინგლისის ჯანდაცვის ხელმძღვანელი პირების თანახმად, კოვიდ ვაქცინების ორი დოზა თითქმის ისეთივე ეფექტურია სწრაფად გავრცელებადი ინდური შტამის მიმართ, როგორც დომინანტი ბრიტანული შტამის მიმართ.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მონაცემები ახალი და სულ უფრო მეტად დამაიმედებელია, რომ მთავრობა შეძლებს უფრო მეტი კოვიდ-შეზღუდვის მოხსნას მომავალ თვეში.

კორონავირუსის ინდური შტამი ვირუსის შედარებით ახალი მუტაციაა, რომელიც პირველად ინდოეთში დაფიქსირდა და წინასწარი კვლევებით, სხვა მუტაციებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს აღმასრულებელი სააგენტოს Public Health England-ის ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მეორე დოზით აცრიდან ორი კვირის შემდეგ “ფაიზერის” ვაქცინა 88%-ით ეფექტურია ინდური შტამის მიმართ, როცა ბრიტანული შტამის მიმართ მისი ეფექტურობა 93%-ია. “ასტრაზენეკას” ვაქცინას 60%-ით ეფექტურია ინდური და 66%-ით — ბრიტანული შტამის მიმართ.

ორივე ვაქცინა 33%-ით ეფექტური იყო პირველი სიმპტომატური დაავადების მიმართ პირველი აცრიდან 3 კვირაში, მაშინ როცა ბრიტანული შტამის შემთხვევაში პირველი დოზის ეფექტურობა 50%-მდეა.

PHE-მა გამოიკვლია მხოლოდ “ფაიზერის” და ასტრაზენეკას” ეფექტურობა კორონავირუსის ინდური შტამის მიმართ და სხვა ვაქცინების შესახებ ცნობებს არ შეიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი