ახალი ამბები

უნდა მოიბოდიშოთ ბჟანიას მიღების გამო: თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი იოანე X-ს

23 მაისი, 2021 • 1951
უნდა მოიბოდიშოთ ბჟანიას მიღების გამო: თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი იოანე X-ს

ქართველ თეოლოგთა, სასულიერო პირთა და ისტორიკოსთა ნაწილი ანტიოქიის პატრიარქს, იოანე X-ს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიღების გამო აკრიტიკებს. ღია წერილი მათ 22 მაისს გაავრცელეს.

ავტორები აღნიშნავენ, რომ “გაოგნებულნი” არიან ბჟანიას ვიზიტის გამო იოანე X-ს რეზიდენციაში. მათი სიტყვებით, პატრიარქის ამ ნაბიჯმა “გააღრმავა ის ჭრილობები, რომელიც მოუშუშებლად ადევს ივერიის მიწას” აფხაზეთში რუსეთის ქმედებების გამო.

“ფიზიკურ ტკივილს გადააჭარბა თქვენი მიუღებელი საქციელით გამოწვეულმა აღშფოთებამ – ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულ, დე ფაქტო პრეზიდენტს ეგებებით სიტყვებით “თქვენი ეკლესია” და აღუთქვამთ დახმარებას საეკლესიო კუთხით”, — აღნიშნულია წერილში”.

ავტორების განცხადებით, ანტიოქიის პატრიარქის მიერ ბჟანიას მიღება კანონიკური თვალსაზრისით “მიჩნეულია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად და მოითხოვს დაყოვნებლივ გამოსწორებას”.

“თქვენ ქართველი ერისა და ეკლესიის წინაშე უნდა მოიბოდიშოთ ჩადენილი ქმედების გამო და აღარასოდეს გაიმეოროთ მსგავსი რამ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი არაკანონიკური და არაქრისტიანული საქციელი საკმარისი მიზეზია ანტიოქიის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის გასაწყვეტად”, — ამატებენ ისინი.

ავტორთა თქმით, მართლმადიდებელ საზოგადოებაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ანტიოქიის ეკლესია განიცდის “მოსკოვის საპატრიარქოს დიდ გავლენას” და “მისსავე ხელში ინსტრუმენტალიზებულია კონსტანტინოპოლის მსოფლიო საყდრისა და აწ უკვე საქართველოს წინააღმდეგ”.

წერილს ხელს აწერენ: დეკანოზი ილია ჭიღლაძე; მღვდელი მირიან მესხაძე; თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი; თეოლოგი ბექა მინდიაშვილი; თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე; თეოლოგი ლაშა ჯიხვაშვილი; თეოლოგი სანდრო ხაჯალია; თეოლოგი ლადო წითლიძე; თეოლოგი ზაზა გუბელაძე; გიგა ამირანაშვილი; თეოლოგი ზვიად ცაბაძე; ისტორიკოსი და თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე; ისტორიკოსი შოთა მათითაშვილი; ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე.

ავტორთა თქმით, წერილი უშუალოდ გაეგზავნება ადრესატს, ინგლისურ ენაზე.


18 მაისს ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა, იოანე X-მ, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სირიის დედაქალაქ დამასკოში, თავის რეზიდენციაში მიიღო. აღნიშნულს წინ უძღოდა ბჟანიას შეხვედრა სირიის პრეზიდენტთან, ბაშარ ასადთან.

ანტიოქიის პატრიარქის ფეისბუკის გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტად არის მოხსენიებული. სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრეს-სპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, 19 მაისს განაცხადა, რომ იოანე X-ს მიერ ბჟანიას მიღება „ნეგატიური მოვლენაა“, რაზეც რეაგირება ექნებათ, თუმცა მანამდე დეტალები უნდა დააზუსტონ.

ვრცლად:

ბჟანიას ვიზიტი ანტიოქიის პატრიარქთან და რუსეთი ფარდის უკან

მასალების გადაბეჭდვის წესი