ახალი ამბებისაზოგადოება

ბჟანიას ვიზიტი ანტიოქიის პატრიარქთან და რუსეთი ფარდის უკან

21 მაისი, 2021 • 4107
ბჟანიას ვიზიტი ანტიოქიის პატრიარქთან და რუსეთი ფარდის უკან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოხმაურებია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვიზიტს ანტიოქიის საპატრიარქოში. პრესსამსახურში ეს ფაქტი “ნეგატიურ მოვლენად” შეაფასეს, თუმცა თქვეს, რომ შემდგომი ნაბიჯებისთვის დეტალების დაზუსტებაა საჭირო.

თეოლოგები აღნიშნავენ, რომ ანტიოქიის საპატრიარქო, რეზიდენციით დამასკოში, მეტად დამოკიდებულია ბაშარ ალ-ასადის რეჟიმზე, სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩართვის შემდეგ კი მკვეთრად გამოიხატა მისი და რუსეთის ეკლესიის ახლო ურთიერთობები.

თუმცა სპეციალისტები არ ფიქრობენ, რომ ზემოაღნიშნული ვიზიტი ხელწამოსაკრავია მაშინ, როცა ანტიოქიის საპატრიარქო ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანია ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების პირველ ხუთეულში. მეორე მხრივ, ისინი საქართველოს ეკლესიას აკრიტიკებენ, აღნიშნავენ რა, რომ ის საკმარისად არ მუშაობს მსგავსი პროცესების ასარიდებლად.

რა მოხდა?

18 მაისს ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა, იოანე X-მ, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სირიის დედაქალაქ დამასკოში, თავის რეზიდენციაში მიიღო. აღნიშნულს წინ უძღოდა ბჟანიას შეხვედრა სირიის პრეზიდენტთან, ბაშარ ასადთან.

ანტიოქიის პატრიარქის ფეისბუკის გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტად არის მოხსენიებული. სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა.

ასლან ბჟანია და იოანე X ფოტო: ანტიოქიის საპატრიარქო

ბჟანიას პრესსამსახურის თანახმად, პატრიარქმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასე მიმართა:

“ჩვენ თვალს ვადევნებდით თქვენს ვიზიტს, თქვენს შეხვედრას პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან. თქვენი ჩამოსვლა დიდი პატივია ჩვენთვის. ჩვენ თქვენს ქვეყანას, ეკლესიასა და მთლიანად აფხაზეთის ხალხს მშვიდობასა და სიხარულს ვუსურვებთ… მზად ვართ, თქვენს ქვეყანას აღმოვუჩინოთ ნებისმიერი დახმარება, რაც დაგჭირდებათ ქრისტიანული და საეკლესიო ხაზით”.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ბჟანიას პატრიარქთან ვიზიტისას თან ახლავს აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი სირიაში, ბაგრატ ხუტაბა.

რა თქვა საქართველოს ეკლესიამ?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრეს-სპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, 19 მაისს განაცხადა, რომ იოანე X-ს მიერ ბჟანიას მიღება „ნეგატიური მოვლენაა“, რაზეც რეაგირება ექნებათ, თუმცა მანამდე დეტალები უნდა დააზუსტონ.

„რა თქმა უნდა, ეს არის ნეგატიური მოვლენა, უცნაური ფაქტია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება. თუმცა მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დეტალების დაზუსტება.

რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ ჩვენს საგარეო ურთიერთობების განყოფილებას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ 19 მაისს ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად.

ამის შემდეგ საპატრიარქო ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ვიზიტს.

რას წარმოადგენს ანტიოქიის საპატრიარქო და რა მნიშვნელობა აქვს მას საქართველოსთვის?

ანტიოქიის საპატრიარქო ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიაა. ის ერთ-ერთია ისტორიულად 5 ყველაზე მნიშვნელოვან ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ანტიოქიის საპატრიარქო წარმოადგენდა ბიზანტიური ტიპის საპატრიარქოს, იყო ბერძნულენოვანი და მრევლის უმრავლესობასაც ბერძნები შეადგენდნენ. შემდგომ ვითარება შეიცვალა:

“არაბული მოსახლეობა, რომელიც თავს დაჩაგრულად გრძნობდა, ვინაიდან მათი ხელდასმა არ ხდებოდა და სამღვდელოებაც ძირითადად ბერძნულენოვანი წრეებიდან მარაგდებოდა, რაღაცნაირად ემანსიპირდა და ანტიოქიის საპატრიარქოც, კულტურული თვალსაზრისით, არაბული გახდა”, — დასძენს ის.

თეოლოგი ხაზს უსვამს ისტორიულ კავშირებს ანტიოქიასა და საქართველოს შორის: კერძოდ, მეოთხე საუკუნეში, როცა ისტორიული წყაროების მიხედვით საქართველომ ქრისტიანობა მიიღო, მისი ეკლესია დაექვემდებარა არა უშუალოდ კონსტანტინოპოლს, არამედ ანტიოქიას. ანტიოქიის პატრიარქის ტიტულატურაში “იბერიაც” არის მოხსენიებული.

“[შემდგომ], XI საუკუნეში, როცა საქართველოს ეკლესია რეალურად გახდა ავტოკეფალური, ჩვენ ავტოკეფალია უნდა მიგვეღო, სავარაუდოდ, სწორედ ანტიოქიისგან. არსებობენ მეცნიერები, რომლებიც ამ თეზისის გადასინჯვას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეს ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში, მეცნიერთა დიდი რაოდენობა სარწმუნოდ მიიჩნევს ამ ფაქტს”, — აღნიშნავს მირიან გამრეკელაშვილი.

თეოლოგი იხსენებს კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს, რომელიც XV საუკუნეში, საქართველოს ტერიტორიაზე ანტიოქიის ერთ-ერთი პატრიარქის მოგზაურობისას მოხდა. მისი თქმით, მაშინ, აფხაზეთის მთავართა თხოვნით, ანტიოქიის პატრიარქის ხელდასმა მიიღო დასავლეთ საქართველოს კათალიკოსმა.

“[ამ ჟესტით] ანტიოქიამ ჩვენი გადმოსახედიდან სეპარატიზმს შეუწყო ხელი, საკუთარი გადმოსახედიდან კი — გამოიყენა თავისი უფლება”, — დასძენს ის.

“ანტიოქიის პატრიარქი რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი რუპორია”

თეოლოგები აღნიშნავენ, რომ სირიაში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ შესამჩნევი გახადა ანტიოქიის საპატრიარქოს დამოკიდებულება ბაშარ ასადის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო მოკავშირეზე — რუსეთზე — და, შესაბამისად, მოსკოვის საპატრიარქოზე.

ვლადიმერ პუტინი ასადის ერთ-ერთი საკვანძო მოკავშირეა მას შემდეგ, რაც რუსეთი 2015 წელს სირიის კონფლიქტში ღიად ჩაერთო. სწორედ რუსეთთან მკვეთრად დაახლოების შემდეგ აღიარა სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

ამავე პერიოდში, თეოლოგთა შეფასებით, ანტიოქიის საპატრიარქოს პოზიციები ყველა საკვანძო საკითხში რუსეთის ეკლესიის მიდგომებს ემთხვეოდა.

“უკანასკნელ ხანებში ანტიოქიის საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის დაახლოება უკავშირდება სწორედ ამ გეოპოლიტიკურ საკითხებს. ანტიოქიის საპატრიარქო ამდენად აღმოჩნდა მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ.

მოგეხსენებათ, ეს რეგიონი წარმოადგენს არა მხოლოდ კონფლიქტების კუთხით პრობლემურ არეალს, არამედ ღარიბ რეგიონს. ღარიბ რეგიონში კი ძალიან მარტივად ხერხდება რუსეთის განზრახვების განხორციელება, თუნდაც, მოსყიდვების თუ გარკვეული ფინანსური დაინტერესებების საფუძველზე.

რუსეთი ამ პრაქტიკას, ამ შემთხვევაში, ანტიოქიის მიმართ ახორციელებს და ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან წარმატებით ართმევს ამ მისიას თავს. ანტიოქიის საპატრიარქო ყველა მნიშვნელოვან და ძირეულ საკითხში მხარს უჭერს რუსეთის ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” თეოლოგი ლადო ნარსია.

ამ ორი ეკლესიის პოზიციები დაემთხვა, მაგალითად, მართლმადიდებელი ეკლესიების მსოფლიო კრებასთან დაკავშირებით, რომელიც 2016 წელს კუნძულ კრეტაზე გაიმართა. მას რუსეთი არ დასწრებია. ასევე მოიქცა ანტიოქიაც, რამდენიმე მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად. მათ შორის იყო საქართველოც.

ამის შემდეგ, 2018 წელს, ანტიოქიის საპატრიარქო არ მიემხრო კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნის შესახებ. ის პატრიარქ ბართლომეს მოუწოდებდა, არ მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ ეთანადებოდა ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის კონსენსუსს.

გასულ წელს რუსეთის ეკლესიის აწ უკვე გადაყენებულმა და ამჟამად ლონდონში მცხოვრებმა ეპისკოპოსმა ფლავიანმა “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ პირადად ჩავიდა სირიაში, ანტიოქიის პატრიარქთან და თანხა გადასცა უკრაინის საკითხზე რუსეთის ეკლესიის პოზიციის მხარდაჭერის სანაცვლოდ. მოგვიანებით მოსკოვის საპატრიარქოში ეს ინფორმაცია უარყვეს.

ლადო ნარსია სწორედ რუსეთის ინტერესების კონტექსტში განიხილავს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვიზიტს დამასკოში, იოანე X-ს რეზიდენციაში:

“ნებისმიერ შემთხვევაში ცნობილია, რომ ანტიოქიის პატრიარქი არის რუსეთის საპატრიარქოს ერთ-ერთი რუპორი და დღესაც დავინახეთ, რომ აფხაზეთის საკითხის შემთხვევაშიც ის რუსეთის ეკლესიის განზრახვას ეხმიანება.

ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ რუსეთს არ სურს, გამოვიდეს სააშკარაოზე და პირდაპირ დაენახოს მთელ საზოგადოებრიობას, რომ ის ახორციელებს გარკვეულ ინტერვენციას აფხაზეთში.

ვინაიდან ანტიოქიის ეკლესიის სახით მას ჰყავს ასეთი მოკავშირე, რუსეთის ეკლესია სწორედ ანტიოქიის ეკლესიას ალაპარაკებს იმ მიზნებსა და განზრახვებზე, რომლებიც მას გააჩნია პირადად”.

“საქართველოს საპატრიარქოს უავტორიტეტობა მსოფლიო საეკლესიო სამყაროში”

დამასკოში ბჟანიას ვიზიტის შემდეგ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მწვავედ გააკრიტიკა. მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთი “მეტყველი მოწმეა საქართველოს საპატრიარქოს უსუსურობისა და უავტორიტეტობისა მსოფლიო საეკლესიო სამყაროში”.

“ილია მეორის პატრიარქობაში პირველად და უკანასკნელად ანტიოქიის პატრიარქი საქართველოს 1981 წელს ეწვია ერთდღიანი ვიზიტით. რუსეთში მყოფმა ეგნატე მეოთხემ თბილისშიც შემოიარა, ამის მერე ის აღარასოდეს ჩამოსულა საქართველოში (გარდა 2012 წელს), ხოლო მისი მემკვიდრე პატრიარქი, იოანე მეათე საერთოდ არაა საქართველოში ნამყოფი.

როგორც მახსოვს, პატრიარქი ილია მეორეც არასოდეს ყოფილა ანტიოქიის საპატრიარქოში სტუმრად. ესე იგი ურთიერთობები პრაქტიკულად არ არსებობს, სახეზე გვაქვს ურთიერთობათა სრული კრახი და გაუცხოება ორ უძველეს მართლმადიდებლურ ისტორიულ ეკლესიას შორის”, — დასძენს დეკანოზი.

სასულიერო პირი აკრიტიკებს უშუალოდ ანტიოქიის საპატრიარქოსაც, დასძენს რა, რომ მისი მხრიდან საუკუნეების წინაც ყოფილა “შიდა საეკლესიო სივრცეში შემოჭრის მცდელობები”.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს არასაკმარისი დიპლომატიის გამო აკრიტიკებენ ის თეოლოგებიც, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა. ლადო ნარსიას თქმით, კავშირები საქართველოსა და ანტიოქიას შორის, პრაქტიკულად, არ არსებობს.

ის ფიქრობს, რომ ახლა, როცა იოანე X-მ ბჟანია მიიღო, საქართველოს ეკლესიამ, პირველ რიგში, შესაბამისი განმარტებითი ბარათები უნდა გაგზავნოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მათ შორის, რუსეთში:

“[ბარათში] უნდა იყოს აღნიშნული, რომ აფხაზეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და აფხაზეთის ეკლესია, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, არასდროს არსებობდა… [არამედ] ის წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს”.

ნარსიას თქმით, ეს განმარტებები მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ თავი დაიზღვიოს კონტრარგუმენტისგან, რომ ანტიოქია თუ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები გარკვეულნი არ არიან აფხაზეთის, ასევე, სხვა მსგავსი საკითხების პრობლემატიკაში. მისივე განცხადებით, მსგავსი აქტიურობა საქართველოს ეკლესიას ყოველთვის აკლდა, რადგან “ის ერიდება რუსეთის ეკლესიის გაღიზიანებას”.

კრიტიკას მირიან გამრეკელაშვილიც იზიარებს. ის ფიქრობს, რომ გასული საუკუნის ბოლოდან “საქართველოს ეკლესია დაადგა შეუვალი თვითიზოლაციონიზმის გზას”, რაც გამოიხატება დიპლომატიური საქმიანობის შეჩერებაში ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიის მიმართ, გარდა რუსეთისა. ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ის საქართველოს ეკლესიისგან შემდეგ რეაგირებას ითხოვს:

“უნდა გაიგზავნოს საპროტესტო, ოფიციალური ნოტა. ეს არ უნდა იყოს მამა ანდრია ჯაღმაიძის ფეისბუქ პოსტი. ოფიციალური, დიპლომატიურ ენაზე დაწერილი ნოტა უნდა გაეგზავნოს არა მარტო ანტიოქიის საპატრიარქოს, არამედ უნდა ეთხოვოს მსოფლიო საპატრიარქოს საქმის სწრაფად გამორკვევა”.

“აფხაზეთის ეკლესიის” საკითხი

ზემოხსენებული შეხვედრის შემდეგ კითხვები ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის კონტექსტშიც გაჩნდა: კერძოდ, რა მოხდება, თუ პროცესი იმდენად შორს წავა, რომ ანტიოქია ამ ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას გადაწყვეტს.

“რთული თემაა, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ანტიოქია ივერიის ეკლესიის დედაეკლესია არასდროს ყოფილა… ხოლო მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლმა ჰეგემონია დაიჭირა აღმოსავლურ ეკლესიათა ოჯახში, ჩვენ მუდმივად ვიყავით კონსტანტინოპოლთან აფილირებული, როგორც დასავლეთი (აფხაზეთი), ისე აღმოსავლეთის ნაწილი”, — დასძენს ლადო ნარსია.

აფხაზეთის საეკლესიო სივრცეში დღეს ორი ძირითადი ჯგუფი მოქმედებს. არცერთი მათგანი ემხრობა ქართული ეკლესიის შემადგენლობაში დარჩენას. განსხვავება ის არის, რომ პირველი მათგანი — ბესარიონ აპლიას მეთაურობით — პრორუსულია, მეორე მათგანი კი – დოროთე დბარის მეთაურობით — მეტი დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის.

აფხაზეთი, ახალი ათონი; ფოტო: ნეტგაზეთი

“[მეორე ჯგუფის] მიზანია, კი არ შეუერთდნენ რუსეთს, არამედ აფხაზეთის საკათალიკოსოსთან მიმართებაში  ისტორიული დასაბუთება ისე შემოატრიალონ, რომ აღადგინონ ეს საკათალიკოსო სხვა ფორმით. ამ შემთხვევაში ეს იქნება თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ეკლესია”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” მირიან გამრეკელაშვილი და ამატებს, რომ ბჟანია სწორედ ამ უკანასკნელ ჯგუფს განეკუთვნება.

გამრეკელაშვილის თქმით, თუ მოვლენები ისე განვითარდება, რომ მოსკოვი ან ანტიოქია აფხაზეთის ეკლესიას აღიარებენ, “ამას, რა თქმა უნდა, დანარჩენი სამყარო არ გაიზიარებს… ეს იქნება ისეთივე თვითგამოცხადებული ეკლესია, როგორი თვითგამოცხადებულიც არის სახელმწიფო”.

თუმცა, გამრეკელაშვილის თქმით, პრობლემა ის არის, რომ “როგორც კი სეპარატიზმი იწყება, დრო სეპარატისტების სასარგებლოდ მუშაობს”.

თეოლოგს მიაჩნია, რომ მსგავსი სცენარის ასაცილებლად გამოსავალი საქართველოს ეკლესიის მიერ დიპლომატიის გააქტიურება და ამ საკითხის “გათემატურებაა” მსოფლიოს საპატრიარქოსთან ერთად:

“მსოფლიო საპატრიარქოს აქვს საკმარისი ავტორიტეტი, რომ ხაზი გაუსვას საქართველოს ეკლესიის ერთიანობას.

გასაგებია,რომ ანტიოქიის ეკლესია ვერ წაუვა ასადის რეჟიმის ნებას, მაგრამ რაღაც ტიპის ურთიერთობის შემდეგ ის მაინც იქნებოდა შესაძლებელი, რომ თავი შეეკავებინა მსგავსი ტიპის ქმედებისგან. მაგრამ ჩვენები ამას არ გააკეთებენ”.

თუმცა მირიან გამრეკელაშვილი არ ელის, რომ საქართველოს ეკლესია ამას გააკეთებს:

“საქართველოს საპატრიარქოში დიპლომატებიც არ ჰყავთ. ერთადერთი ენა, რაც მათ იციან, არის რუსული და ორი ღერი ინგლისური. ამ ქვეყნებთან და საპატრიარქოებთან, არსად მუშაობენ… მე არ მაქვს იმედი, რომ საპატრიარქო რაიმე გონივრულს მოიმოქმედებს, წინა წლების სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი