ახალი ამბები

დეგნანი და ჰარცელი 20 ივნისს დაზარალებულთა წერილს პასუხობენ

22 მაისი, 2021 • 2213
დეგნანი და ჰარცელი 20 ივნისს დაზარალებულთა წერილს პასუხობენ

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში უპასუხეს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულთა ღია წერილს, რომელშიც ხსენებული მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიაზეა საუბარი. ელჩები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაში გაწერილი ვალდებულებების აღსრულების ფორმები საქართველოს პარლამენტში უნდა დადგინდეს.

კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს 17-მა აქტივისტმა 14 მაისს მიმართა. მათი წერილი მიემართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც  19 – 21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებაზე ამნისტიას ეხება.

ავტორებმა სთხოვეს დიპლომატებს, ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში ისე დაეხმარონ, რომ დაშავებულებს საკუთარი უფლებებისთვის სამართლებრივი და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება შეუნარჩუნდეთ.

“მიგვაჩნია, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მმართველი პარტიის და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე დარეგისტრირებული კანონპროექტები, რომლებიც ფაქტობრივად აქციის დამრბევ ყველა ხელმძღვანელ და ამსრულებელ პირზე ავრცელებენ ამნისტიას, მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია”, — მიმართავდნენ ავტორები ელჩებს.

ელჩების საპასუხო წერილის ასლი დღეს, 22 მაისს, აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა გამოაქვეყნა. მას კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის ხელმოწერა აქვს. როგორც აშშ-ის საელჩოში, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობაში, “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს წერილის ნამდვილობა.

მაში ელჩები აღნიშნავენ, რომ 19 აპრილის შეთანხმება მედიაციის რთული პროცესის შედეგია და “მისი შინაარსი სრულიად ეკუთვნით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს”.

“შეთანხმების პირველი პუნქტი ხაზს უსვამს პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული საქმეების მოწესრიგების მზაობას. [მისგან] გამომდინარე, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული, განსაზღვრონ ამ ვალდებულებათა ზუსტი ფორმები, მათ შორის, ამნისტიის კანონისა, რომელიც თანხვედრაშია შეთანხმების მიზნებთან და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ყველა სხვა შესაბამის საერთაშორისო კონვენციას, რომლის წევრიც არის საქართველო”, – ვკითხულობთ წერილში.

უშუალოდ 20 ივნისის ეპიზოდთან დაკავშირებით ელჩები დასძენენ:

“შეთანხმებაში მითითებული ამნისტიის კანონი ეხება მტკივნეულ ეპიზოდს საქართველოს ისტორიაში, არა მხოლოდ 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულთათვის, არამედ იმ გამოწვევათა გამო, რომელთა წინაშეც ამ მოვლენებმა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციები დააყენა.

ასეთ პოლარიზებულ გარემოში, პარლამენტში ინკლუზიური პროცესი საჭიროა შორს მიმავალი რეფორმებისთვის, რომლებიც აღკვეთენ ამ ტრაგიკული მოვლენების განმეორებას და მოიტანენ მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას”.

დეგნანისა და ჰარცელის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებულმა მხარემ უზრუნველყოს შეთანხმებაში მოცემული დათქმების წარმატებული აღსრულება, პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად.

20 ივნისს დაშავებული დემონსტრანტები აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს ღია წერილით მიმართავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი