20 ივნისის აქციაზე დაშავებულები და დაპატიმრებული 17 დემონსტრანტი საქართველოში ევროკავშირის და ამერიკის ელჩებს წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში ისე დაეხმარონ, რომ დაშავეულებს საკუთარი უფლებებისთვის სამარლებრივი და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება შეუნარჩუნდეთ.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ მზად არიან მიიღონ მონაწილეობა ამ საკითხის გარშემო თემატურ შეხვედრებსა და დისკუსიებში.

ღია წერილში აღნიშნულია, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტები მხოლოდ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას მოემსახურება, რაც წერილის ავტორების თქმით, მიუღებელია.

“მიგვაჩნია, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მმართველი პარტიის და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე დარეგისტრირებული კანონპროექტები, რომლებიც ფაქტობრივად აქციის დამრბევ ყველა ხელმძღვანელ და ამსრულებელ პირზე ავრცელებენ ამნისტიას, მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. მიგვაჩნია, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული ღირებულებების დამცველის, ასევე წაახალისებს დაუსჯელობის სინდრომს და მწვანე შუქს მისცემს მორიგ მძიმე დარღვევებს.

გთხოვთ დაეხმაროთ ჩვენ ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში ისე, რომ დაზარალებულ, მშვიდობიან დემონსტრანტებს შეუნარჩუნდეთ შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება”, – ნათქვამია წერილში.

ამასთან, წერილის ავტორები კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს მადლობას უხდიან იმ წვლილისთვის, რომელიც ელჩებმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შეიტანეს და აღნიშნავენ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერა და დახმარება “ასეთ კრიზისულ პერიოდში” სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია.

წერილით დემონსტრანტები კიდევ ერთხელ ახსენებენ ელჩებს 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნავენ, რომ მძიმედ დაშავებულების ნაწილს მკურნალობის პროცესში პრობლემები ექმნებათ, რადგან ხელისუფლება არასათანადო ყურადღებას იჩენს.

ამასთან, ღია წერილში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ ხმოლოდ 7 დემონსტრანტი ცნო დაზადალებულად, 50-ზე მეტი კი ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლოებში დაზარალებულის სტატუსის მიღებას და ფიზიკური და მორალური ზიანის კომპენსირებას ცდილობს.

“მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდი ნაწილი იქნა დაკავებული იმავე ღამეს და ასეულობით აქტივისტს მოუწია რამდენიმე დღის გატარება საპატიმროში შეთითხნილი ადმინისტრაციული ბრალდების გამო. ასევე 20-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმეები და მათ თვეების გატარება მოუწიათ საპატიმროში. ამ ფონზე პროკურატურამ სამართალდამცავი ორგანოების მხოლოდ 4 თანამშრომლის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ხოლო უკანონო ბრძანების გამცემი ვერცერთი პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა ბოლო 2 წლის მანძილზე”, – აღნიშნულია წერილში.

წერილს ხელს აწერს: მაკო გომური, ირაკლი პავლენიშვილი, კობა ლეთოდიანი, გიორგი სულაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, ვახტანგ ბერიკაშვილი, გელა ჩიღლაძე,ზაზა მღებრიშვილი, გიორგი ბულისკერია, ლუკა პეტრიაშვილი, თამარ ბაღაშვილი, დავით შეხილაძე, ბესიკ თამლიანი, ვატო გელაშვილი, დავით ხვადაგიანი, დემეტრე ნაყოფია, დავით ქურდოვანიძე.

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

გაითხოვეთ ამნისტია და დავთანხმდები EU-ს შემოთავაზებულ გირაოს — მელია