ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საზღვარზე ხელჩართულ ჩხუბში 11 სომეხი ჯარისკაცი დაშავდა – სომხეთის პროკურატურა

21 მაისი, 2021 • 1756
საზღვარზე ხელჩართულ ჩხუბში 11 სომეხი ჯარისკაცი დაშავდა – სომხეთის პროკურატურა

სომხეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, გუშინ, 20 მაისს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სიუნიქის რეგიონში ორჯერ გადაკვეთეს სომხეთის სახელმწიფო საზღვარი, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხელჩართული დაპირისპირება სომეხ მესაზღვრეებთან, რა დროსაც დაშავდა 11 სომეხი ჯარისკაცი.

“2021 წლის 20 მაისს, დილის 10 საათზე, აზერბაიჯანელი სამხედროების ჯგუფმა ნებართვის გარეშე გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი სიუნიქის რეგიონის სოფელ ხოზნავარში. ისინი სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში დაახლოებით 1.5 კილომეტრით შემოვიდნენ, განლაგდნენ პოზიციებზე, იმუქრებოდნენ, რომ გამოიყენებდნენ ძალადობრივ ხერხებს სომეხი ჯარისკაცების წინააღმდეგ და საჭიროების შემთხვევაში გახსნიდნენ ცეცხლს, ასევე აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნოდა აზერბაიჯანს. სომეხმა ჯარისკაცებმა შეძლეს მათი საწყის პოზიციებზე დაბრუნება.

იმავე დღეს, საღამოს 9 საათსა და 10 წუთზე, აზერბაიჯანელი სამხედროების ჯგუფმა კვლავ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვრის იგივე მონაკვეთი ნებართვის გარეშე, რასაც მოჰყვა დაპირისპირება სომეხ სამხედროებთან, რომლებიც ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ოფიციალურ მოვალეობებს.

სომხეთის შეიარაღებული ძალების 11 ჯარისკაცი დაშავდა ორმხრივ ხელჩართულ ჩხუბში. ამ შემთხვევაში სომეხმა ჯარისკაცებმა შეძლეს, რომ კვლავ საწყის პოზიციებზე დაებრუნებინათ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის თანახმად, მომხდარზე გამოძიება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე, მე-300 და 112-ე მუხლებით დაიწყო.

ფოტო გარეკანზე: სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე შავი ტბა, რომელიც მხარეებს ბოლოდროინდელი შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ის სოფელ ხოზნავართან ახლოს მდებარეობს. /Google Earth


ბოლო პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა.

მხარეებს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი სსრკ-ის დაშლის შემდეგ არ დაწყებულა.

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა მოიპოვა კონტროლი სომხეთთან საზღვრის სამხრეთ მონაკვეთზეც, რომლის ორივე ნაწილსაც წარსულში სომხეთი ან სომხური ძალები აკონტროლებდნენ.

აზერბაიჯანული პოზიციის თანახმად, აზერბაიჯანული ძალები იკავებენ აზერბაიჯანის ტერიტორიას. სომხეთის თანახმად, აზერბაიჯანი ცდილობს სომხური ტერიტორიების დაკავებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი