ახალი ამბებიკომენტარი

ქართველთა შემცირებისა და უმცირესობათა ზრდის “ამბავი“ მითია | გიორგი კანაშვილი

21 მაისი, 2021 • 6069
ქართველთა შემცირებისა და უმცირესობათა ზრდის “ამბავი“ მითია | გიორგი კანაშვილი

საქართველო ეთნო-რელიგიური თვალსაზრისით ფრიად ჭრელი ქვეყანაა. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 86,8 პროცენტს ქართველები შეადგენენ. ქართველებს მოჰყვებიან აზერბაიჯანელები (233 ათასი, 6.3%), სომხები (168.1 ათასი, 4.5%), რუსები (26.5 ათასი, 0.7%), ოსები (14.4 ათასი, 0.4%). აღმსარებლობით, მოსახლეობის 83,4 მართლმადიდებელია, 10,7 – მუსლიმი, 2,9 % სომხურ-სამოციქულო ეკლესიას მიაკუთვნებს თავს.

ამასთანავე, მართალია, საქართველოს მოსახლეობა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სტაბილურად მცირდება, მაგრამ ქართველთა წილი სულ უფრო იზრდება. ასე, საბჭოთა კავშირის ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით (1989), საქართველოს მოსახლეობა 5,4 მილიონს შეადგენდა. აქედან ქართველები 3,7 მილიონი იყვნენ და მოსახლეობის სულ რაღაც 70.13 პროცენტს წარმოადგენდნენ. ანუ მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტს ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენდნენ.

მსხვილი ეთნიკური უმცირესობებიდან განსაკუთრებულად შემცირდნენ რუსები, ბერძნები, სომხები და ოსები. მათი მიგრაციის ძირითად მიზეზს საქართველოში გამეფებული ეკონომიკური სიდუხჭირე და შექმნილი არასახარბიელო სოციალური ფონი წარმოადგენდა. ზოგიერთი ჯგუფის მიერ საქართველოს დატოვება კონფლიქტებითაც იყო განპირობებული. ბევრისთვის უცნობია, რომ 1989 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, დანარჩენ საქართველოში ბევრად მეტი ოსი ცხოვრობდა, ვიდრე სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში. თუმცა, ცხინვალში ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, მათი უმრავლესობა იძულებული იყო დაეტოვებინა საცხოვრისი და ჩრდილოეთ ოსეთში ეპოვა თავშესაფარი.

რაოდენობრივი თვალსაზრისით, კლებას განიცდიან დემოგრაფიულად შედარებით აქტიური ჯგუფებიც. მაგალითად, არსებობს მითი იმის შესახებ, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობა რაოდენობრივი თვალსაზრისით სწრაფად იზრდება. არადა, რეალობა საპირისპიროა. მართალია, აზერბაიჯანული მოსახლეობა იმდენად რადიკალურად არ შემცირებულა, როგორც რუსები, ბერძნები ან სომხები, თუმცა ამ ჯგუფმაც მნიშვნელოვანი, დაახლოებით 25 პროცენტიანი კლება განიცადა. 1989 წლის აღწერით საქართველოში 300 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა, დღეს მათი რაოდენობა 233 ათასია. თუმცა, ამასთანავე, აზერბაიჯანელები თითქმის ერთადერთი უმცირესობაა, რომელიც სხვა ჯგუფებთან მიმართებაში პროცენტულად გაიზარდა 5.69 დან 6.3-მდე. მსხვილი ჯგუფებიდან, მიუხედავად რაოდენობრივი კლებისა, სხვა ჯგუფებთან მიმართებაში, ფაქტობრივად, მხოლოდ ორი ჯგუფი გაიზარდა – ქართველები და აზერბაიჯანელები.

ამგვარად, სტატისტიკური მონაცემები ცალსახად გვიჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი მცირდება- ზოგი უფრო სწრაფად (მიგრაციის გამო) და ზოგიც- უფრო ნელა. ამ პროცესების შედეგად, დღეს საქართველო უფრო ჰომოგენურია, რადგან ქართველთა წილი თითქმის 17 პროცენტით გაიზარდა. 1989 წელს არსებული 70 პროცენტიდან, 2014 წელს- 86,8-მდე. შესაბამისად, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველთა შემცირებისა და ეთნიკურ უმცირესობათა ზრდის „ამბავი“ მითია და არანაირ ემპირიულ მონაცემებს არ ეყრდნობა.

როგორ მართავენ სახელმწიფოები ეთნიკურ და რელიგიურ სიჭრელეს

ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მაღალი ეთნიკურ, თუ რელიგიური სიჭრელით გამოირჩევა, საზოგადოებრივი მოწყობის იმ მოდელზე უწევს ფიქრი, რომელიც ამ ჯგუფთა მშვიდობიან თანაცხოვრებასა და განვითარებას საუკეთესოდ უზრუნველყოფდა.

თითოეული შემთხვევა იმდენად სპეციფიკურია, რომ ეს მოდელები ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში რიგი უმცირესობებისა შედარებით ახალი სოციალური მოცემულობაა და ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური მიგრაციის შედეგს წარმოადგენს. ასეთები არიან თურქები -გერმანიაში, პოლონელები-დიდ ბრიტანეთში, უკრაინელები -პოლონეთში და ა.შ. აგრეთვე მნიშვნელოვანია პოსტკოლონიური მიგრაცია – ბრიტანეთში- სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, საფრანგეთში- ჩრდილოეთ აფრიკიდან. ამ შემთხვევებში უმცირესობები ძირითადად თავს იყრიან დიდ, ეკონომიკურად ძლიერ ქალაქებში და თვისებრივად განსხვავდებიან ე.წ. ტრადიციული უმცირესობებისაგან.

ტრადიციულ უმცირესობებად ითვლებიან ის ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები, რომლებიც ათწლეულები და ხშირად ასწლეულებიც კი ცხოვრობენ ამა თუ იმ სახელმწიფოში, ძირითადად, კომპაქტურად და არ მიეკუთვნებიან დომინანტურ ეთნიკურ ჯგუფს. ასეთნი არიან უნგრელები რუმინეთსა და სლოვაკეთში, პოლონელები- ლიტვაში, ბოშები- მრავალ ევროპულ ქვეყანაში და ა.შ.

შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნები, უმცირესობების მახასიათებლებიდან, პოლიტიკური კულტურიდან და ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ეთნიკური სიჭრელის მართვის განსხვავებულ მეთოდებს მიმართავენ. ტრადიციულ უმცირესობებთან მიმართებაში ხშირად ვხვდებით ცენტრიდან უმცირესობაზე გარკვეული ავტონომიურობის მინიჭებას. ეს ავტონომიურობა შეიძლება გამოიხატებოდეს განათლების სისტემაში (მაგალითად, ბილინგვურ სწავლებაში), კულტურულ ავტონომიაში. ამასთანავე, რიგ ქვეყნებში ავტონომიისა და დეცენტრალიზაციის უფრო მაღალ სტატუსსაც ვხვდებით; მაგალითად, გერმანია, იტალია, ბელგია დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან.

საქართველოს შემთხვევა

დღეს ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის მიდგომები ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებაში რიგი ფაქტორებითაა განსაზღვრული. მათ შორის, ალბათ, უმთავრესია საბჭოთა მემკვიდრეობა და 90-იან წლებში საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული კონფლიქტები. ეს ორი ფაქტორი მჭიდრო ურთიერთკავშირშია და მნიშვნელოვნად აფერხებს უმცირესობების ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში.

საბჭოთა მემკვიდრეობა და კონფლიქტები

მას შემდეგ, რაც რუსეთში, გადატრიალების გზით, ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ, მრავალ სხვა გამოწვევასთან ერთად, მულტიეთნიკური საზოგადოების მართვის გამოწვევის წინაშე დადგნენ. ასე – 1926 წლისთვის საბჭოთა კავშირის მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი იყო ეთნიკურად რუსი (დაახლოებით 60 მილიონი).

„ნაციონალურ საკითხთან“ მიმართებაში პოლიტიკის გამომუშავება იოსებ ჯუღაშვილს, სტალინს ჩაბარდა. ამ დროისათვის მას უკვე გამოცემული ჰქონდა მონოგრაფია „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“. მოგვიანებით ნაშრომში ასახული მისი შეხედულებები სახელმწიფო პოლიტიკად იქცა. ფაქტობრივად, იოსებ ჯუღაშვილისა და რიგი მაღალი რანგის ბოლშევიკების მიერ განისაზღვრა, თუ რომელ ერს ეკუთვნოდა სახელმწიფოებრიობა, რომელს კი, მხოლოდ ავტონომია (ანდა საერთოდ არ იმსახურებდა სახელმწიფოს).

ამ პოლიტიკის ფარგლებში დადგინდა, რომ სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო მიეცემოდა სამ ერს – ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს. ამასთანავე, მათსავე ტერიტორიაზე შეიქმნებოდა რამდენიმე, სხვადასხვა ავტონომიურობის, ხუთი სუბიექტი. შესაბამისად, საქართველოში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ჩამოყალიბდა. აზერბაიჯანში კი – მთიანი ყარაბაღისა და თალიშ-მუღანის ავტონომიური რესპუბლიკები.

მართალია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციაში აფხაზეთსა და აჭარას ავტონომიურობის გარკვეული ფორმა უკვე გააჩნდათ, თუმცა ეს ფორმა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ავტონომიის საბჭოური ვერსიისგან. ხოლო სამხრეთ ოსეთის ავტონომიურო ოლქი, ცალსახად საბჭოთა პოლიტიკის შემოქმედებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან მანამდე ამ ტერიტორიაზე არანაირი პოლიტიკური სუბიექტი არ არსებულა.

ცენტრის, ანუ მოსკოვის დამოკიდებულება იმპერიის მულტიეთნიკური საზოგადოებისა და მისი მართვის მეთოდების მიმართ დროთა განმავლობაში იცვლებოდა. შესაბამისად, იცვლებოდა მისი პოლიტიკა თბილისთან, სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაშიც. მოსკოვის სიმპათიები ხან მოკავშირე რესპუბლიკის ცენტრისკენ იყო მიმართული (ანუ თბილისისკენ), ხან კი ავტონომიური წარმონაქმნების პოლიტიკურ ელიტებს ახალისებდა თბილისისგან მეტი უფლებების მოთხოვნის გზაზე.

ამგვარი პოლიტიკის შედეგად, 70-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები სულ უფრო იძაბებოდა. საბჭოთა კავშირის რღვევის გარიჟრაჟზე კი ეს დაძაბულობა, სამწუხაროდ, შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოსკოვი, ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა კონფლიქტებში, აქაც აქტიურად იყო წარმოდგენილი. საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზების დახმარებით აქტიურად მიდიოდა მხარეთა შეიარაღება, ათასობით რუსეთის მოქალაქე იბრძოდა სეპარატისტების მხარეს და, რაც მთავარია, რუსეთის რეგულარული არმიის ოფიცრები ჩაბმულნი იყვნენ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა-აღსრულებაში.

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული „ნაციონალური პოლიტიკა“ ფრიად უარყოფითად აისახა სხვადასხვა ერების ურთიერთობებზე. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული მემკვიდრეობა შეხვდათ ეთნიკურად მრავალფეროვან ქვეყნებს. რიგ შემთხვევებში, ცენტრის პოლიტიკის შედეგად დაგროვილი წყენები ეთნიკურმა ელიტებმა ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართეს, რის წახალისებასაც, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი აქტიურად ეწეოდა.

ბუნებრივია, რომ ეთნიკური შეფერილობის კონფლიქტებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკაზე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში. აღმოჩნდა, რომ გარე ძალამ უმცირესობები გამოიყენა  ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით და ამ ტრაგიკულმა გამოცდილებამ საქართველოს პოლიტიკურ ელიტასა და მათ შორის გარკვეული უნდობლობა გააჩინა.

ეს უნდობლობა დღემდე გასდევს საქართველოს პოლიტიკას, რაც საბოლოო ჯამში, აისახება დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის დაბალ ხარისხში, ეთნიკური უმცირესობების ლიმიტირებულ მონაწილეობაში საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებია, ქვეყანაში გარკვეული პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება, რომელთა თაობაზეც დაწვრილებით შემდეგ ქვეთავში ვისაუბრებ.

ეთნიკური სიჭრელის მართვის ინსტრუმენტები

ამჟამად ეთნიკური და რელიგიური სიჭრელის „მართვა“ ორ სახელმწიფო სტრუქტურას აბარია, ესენია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. ეს უკანასკნელი 2014 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს შეიქმნა.

გარდა ამ ორი ინსტიტუციისა, უმცირესობებზე „სათანადო ყურადღების“ მიქცევით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიცაა დაკავებული. დე ფაქტო მისი გავლენა ყველა სხვა სახელმწიფო სტრუქტურაზე აღმატებულია და რიგ შემთხვევებში სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაზღვრავს გასატარებელ პოლიტიკას.

ფაქტობრივად, ხდება უმცირესობების საკითხის ე.წ. „securitization“ , ანუ, უსაფრთხოების კონტექსტში, მათზე, როგორც ქვეყნის პოტენციურ დამანგრევლებზე ყურება. ამგვარ მიდგომას ზემოთ ნახსენები, 90-იან წლებში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები უდევს საფუძვლად. საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ეთნიკური სიჭრელე, უმწიფარი პოლიტიკური ელიტისა და გარე დაინტერესების ფონზე, მისსავე წინააღმდეგ შემოტრიალდა.

ამასთანავე, უსაფრთხოების სტრუქტურების როლს ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან მომავალი რისკების გაუვნებელყოფის საქმეში არავინ უარყოფს. განსაკუთრებით იმ ტიპის რეგიონში, როგორსაც კავკასია წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ამა თუ იმ მიმართულებით პოლიტიკის მაფორმირებელი ორგანოს უნდა წარმოადგენდნენ შესაბამისი სამინისტრო და ზოგადად პოლიტიკოსები და არა უსაფრთხოების ოფიცრები. სამწუხაროდ, დღემდე საქართველო მაინც პოსტსაბჭოთა ტრენდს მიჰყვება, სადაც „ნაკლებად საიმედო“ ჯგუფების კურირებას „ყველაზე სანდო ორგანოს“, ანუ უსაფრთხოების ორგანოებს მიანდობენ ხოლმე. ასეა დღემდე რუსეთში, მეზობელ აზერბაიჯანში, ცენტრალური აზიისა და რიგ სხვა ქვეყნებში.

პოზიტიური ცვლილებები

მიუხედავად ყველა არსებული პრობლემისა, ბოლო წლებია, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დანარჩენ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება.

უკვე 2005-2007 წლებიდან მოყოლებული, საქართველოს მთავრობის მიერ დაიწყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის გზების რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. შედეგად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინტერაქცია დანარჩენ საქართველოსთან ბევრად უფრო ინტენსიური გახდა როგორც გადაადგილების, ასევე, ეკონომიკური კავშირების კუთხით.

ამავე პერიოდში იწყება საგანმანათლებლო პროექტებიც. იქიდან გამომდინარე, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დიდმა ნაწილმა სახელმწიფო ენა არ იცოდა, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მის შესწავლაზე ორიენტირებულ პროექტებს დაეთმო. მართალია, არსებობს მოსაზრება, რომ ქართული ენის შემსწავლელი პროგრამები დიდი ეფექტიანობით არ გამოირჩეოდა, თუმცა ის, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით მუშაობს, დასაფასებელია.

განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა, ე.წ. „1+4“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტები საუნივერსიტეტო გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებენ. შემდეგი ერთი წელი შესაბამის სასწავლებელში ეუფლებიან ქართულ ენას და ჩვეულებრივ განაგრძობენ საბაკალავრო კურსს. ამ პროგრამამ მნიშვნელოვნად გაზარდა არაქართველი სტუდენტების რაოდენობა თბილისისა და საქართველოს სხვა უნივერსიტეტებში. ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები, რომლებიც ქართულის არცოდნის გამო ან არ აბარებდნენ უმაღლეს სასწავლებლებში, ანდა ბაქოსა და ერევანს მიაშურებდნენ უმაღლესი განათლების მისაღებად, ახლა ქართულ უნივერსიტეტებში სწავლობენ.

ამ საგანმანათლებლო ინიციატივების შედეგად, პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, ჩვენ მივიღეთ თაობა ეთნიკური უმცირესობებისა, რომელთაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტები დაამთავრეს, ფლობენ ქართულ ენას, ჰყავთ ქართველი თანაკურსელები და მეგობრები და, რაც მთავარია, ეს ჯგუფი საკმაოდ დიდია და წლიდან-წლამდე იზრდება. ალბათ, ამ ყოველივეს შედეგია, რომ ჩვენ სულ უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ ეთნიკურად არაქართული წარმოშობის ადამიანებს აქტიურად მოსაუბრედ, როგორც საკუთარ, ასევე ზოგად ქართული მასშტაბის პრობლემებზე. ეს ხდება სოციალურ ქსელებში, მედიაში, სემინარებსა თუ კონფერენციებზე.

როგორც ვხედავთ, გარკვეული მიღწევები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის გზაზე ქართულ სახელმწიფოს აქვს. ახლა უმთავრესია, განვლილი გზის ხელახალი გაანალიზება, განსაკუთრებით სარგებლიანი პროექტების გაგრძელება და მიღწეული წარმატების შემდგომი კონსოლიდაცია. აუცილებელია, სახელმწიფო სტრუქტურებში – როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე – იმ ახალგაზრდების დასაქმება, რომელთაც უკვე მიიღეს განათლება. მათ უნდა გაუჩნდეთ რწმენა იმისა, რომ ისინი ამ საზოგადოების ნაწილნი და ამ სახელმწიფოს ბატონ-პატრონნი არიან.

დასკვნის მაგიერ

დამოუკიდებლობის პირველივე წლებში საქართველო გაეხვა სისხლისმღვრელ, ეთნიკური შეფერილობის კონფლიქტებში, რომელშიც გარე აქტორს, რუსეთს, ლომის წვლილი მიუძღოდა. შედეგად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქზე ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა. ტრაგიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართული პოლიტიკური ელიტა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებსაც არასანდოდ მიიჩნევდა. მათი „კურირება“ უსაფრთხოების სტრუქტურებს ჩაბარდათ და მნიშვნელოვანწილად, ეს დამოკიდებულება დღემდე გრძელდება.

მიუხედავად ყველაფრისა, 2000-იანი წლების შუიდან მოყოლებული, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისათვის მრავალი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის განსაკუთრებულად წარმატებული საგანმანათლებლო პროექტი აღმოჩნდა. შედეგად, დღეს უკვე ვიმკით პირველ „მოსავალს“ – სულ უფრო ხშირად ისმის ეთნიკური აზერბაიჯანელების, ქისტებისა თუ სომხების საჯარო პოზიციონირება ამა თუ იმ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე.

იმისათვის, რომ ამ პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღოს, სახელმწიფოს განუხრელი და კიდევ უფრო ეფექტური ძალისხმევაა საჭირო. ამჟამად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების ჩართვა სახელმწიფოს მმართველობაში, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. ამასთანავე – საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმცირესობათა ინტეგრაციის ხარისხი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს აფხაზთა და ოსთა გუნება-განწყობაზეც. შესაბამისად, ამ მიმართულებით საქართველოს წარმატება, კონფლიქტების მოგვარების გზაზ, მნიშვნელოვან წინაპირობად შეიძლება იქცეს.

სქოლიო

  1. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. გვ. 8. წყარო: http://census.ge/files/results/Census%20Release_GEO.pdf
  2. 1989 წლის საბჭოთა კავშირის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. წყარო: http://www.demoscope.ru/weekly/ssp/sng_nac_89.php?reg=6

  3. .სორდია. „ოსები საქართველოში, მდგომარეობა 2008 წლის შემდეგ.“ (2009 წელი).

  4. Stefan Wolff. ‘Ethnic Minorities in Europe: Basic Facts’. წყარო: http://www.stefanwolff.com/files/min-eu.pdf

  5. იქვე
  6. 1926 წელს საბჭოთა კავშირში პირველი საყოველთაო აღწერა ჩატარდა. მოსახლეობის ეთნიკური მიკუთვნელბულობა, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.demoscope.ru/weekly/ssp/ussr_nac_26.php

  7. ნაციონალურ საკითხთა კომისარიატი 1917 წელს შეიქმნა და მის ხელმძღვანელად იოსებ სტალინი იქნა დანიშნული.

  8. http://constcentre.gov.ge/failebi/1921_clis_konstitucia_33442.pdf. თავი 11, ავტონომიური მმართველობა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. გვერდი. 21.

  9. რუსეთის ჩართულობაზე აფხაზეთის კონფლიქტში,შეგიძლიათ იხილოთ საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rigths Watch-ის ანგარიში: Georgia/Abkhazia: Violations of the the Laws of War and Russia’s Role in the Conflict (1995).

  10. ეროვნული უმცირესობების დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის ანგარიში საქართველოზე. (2019). წყარო: https://emc.org.ge/ka/products/erovnuli-umtsiresobebis-datsvis-shesakheb-evropuli-charcho-konventsiis-mrchevelta-komitetis-angarishi-sakartveloze

  11. ნურანა მამმადი. „ეთნიკური აზერბაიჯანელები და სახელმწიფო ენა – „ქართული ენა მათ მხოლოდ ქართული ენის გაკვეთილზე ესმით““. (2016). წყარო: http://liberali.ge/articles/view/26140/etnikuri-azerbaijanelebi-da-sakhelmtsifo-ena–qartuli-mat-mkholod-qartuli-enis-gakvetilze-esmit

  12. “1+4 საგანმანათელობლო პროგრამა“. სტატისტიკის მიხედვით, 2010 წელს საქართველოს უნივერსიტეტებში ამ პროგრამით 247 სტუდენტი ჩაირიცხა, 2018 წელს კი 1231. წყარო: https://www.smr.gov.ge/ge/page/58/saganmanatleblo-programa

 

მასალების გადაბეჭდვის წესი