ახალი ამბები

იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის შესაჩერებლად “ლელომ” კანონპროექტი დაარეგისტრირა

20 მაისი, 2021 • 918
იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის შესაჩერებლად “ლელომ” კანონპროექტი დაარეგისტრირა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების, ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერების მოთხოვნით “ლელომ” პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება უნდა შევიდეს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში. კერძოდ, 79-ე მუხლს დაემატოს მეექვსე ნაწილი, რომელშიც გაიწერება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციისთვის გასატარებელი ღონისძიებები.

დოკუმენტით “ლელო” ითხოვს, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ სასამართლო რეფორმამდე შეჩერდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ცვლილების მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა, აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა, მოხდეს აღნიშნული ცვლილებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.

ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა არჩევამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ წევრებს გაუგრძელდეთ უფლებამოსილება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 26 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა.

კონფერენციაზე შერჩეულმა კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი შენგელია უნდა ჩაანაცვლონ, რომლებსაც ივნისის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი