ახალი ამბები

თბილისის წიგნის ფესტივალი 24-27 ივნისს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება

20 მაისი, 2021 • 1303
თბილისის წიგნის ფესტივალი 24-27 ივნისს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი  24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავლიონებში გაიმართება. მსურველებს კი შეეძლებათ ფესტივალს უშუალოდ ესტუმრონ.

პანდემიის გამო, შარშან თბილისის წიგნის ფესტივალი პირველად ჩატარდა ონლაინ ფორმატში. წელს კი ფესტივალზე სტუმრობის მსურველთათვის, პავილიონებში მოსული დამთვალიერებლების ნაკადების გასაკონტროლებლად, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ახალ ვებ-გვერდზე: www.tbilisibookfestival.ge. აღნიშნულ საიტზე მომხმარებელს ასევე ექნება შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნოს ფესტივალის პროგრამას, რომელიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი, და მიიღოს სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია ფესტივალის შესახებ.

წლევანდელი ფესტივალი მოეწყობა ჰიბრიდული და ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს საფესტივალო ფასებად წიგნების შეძენა შეეძლებათ  ონლაინ რეჟიმშიც, აღნიშნულ ვებ გვერდზე.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2021-ის პროგრამა იგეგმება რამდენიმე მიმართულებით: ახალი წიგნების პრეზენტაციები და მკითხველების შეხვედრა თანამედროვე ქართველ ავტორებთან, მთარგმნელებთან, გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან; პანელ-დისკუსიები სხვადასხვა აქტუალურ ლიტერატურულ თემაზე, ქართველი და უცხოელი სპიკერების მონაწილეობით; საერთაშორისო საგამომცემლო კონფერენცია სფეროს პროფესიონალებისთვის, ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით; საბავშვო პროგრამა სპეციალურად პატარა მკითხველებისთვის, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის გათვლილ გასართობ-შემეცნებით აქტივობებსა და ღონისძიებებს მოიცავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი