ახალი ამბები

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

19 მაისი, 2021 • 1627
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგე აქტივისტები საპროტესტო აქციას 23 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართავენ.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, აქცია თვითორგანიზებით კეთდება და ადამიანები ემზადებიან რეგიონებიდან ჩამოსასვლელად და დასარჩენად.

“გრძელვადიანი ბრძოლისთვის არის კიდევ უფრო მეტი ადამიანი განწყობილი. 23-მა მაისმა უნდა თქვას თავისი სიტყვა ამ მიმართულებით, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, ჩვენი სიმრავლე ვერ იქნება დაძლევადი მისთვის ნაცადი ხერხით. ვგულისმობ შავ პიარ კამპანიას და ტალახის სროლას”, — განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა და აქტივისტებს მოუწოდა: “მოვემზადოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის”.

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, რასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. ბოლო თვეებში პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობა გაძლიერდა.

2021 წლის 12 მარტს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გამოაცხადა, რომ „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორთან დიალოგის შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას, რომ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება ძირითადი კვლევების გადამოწმებამდე.

მოგვიანებით, მარტის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კვლევების ვალიდაციამდე აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები 9-12 თვემდე ვადით შეჩერდებოდა.

მხარს ვუჭერ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი