ახალი ამბები

ესპანეთი მხარს გვიჭერს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით – ზალკალიანი

19 მაისი, 2021 • 630
ესპანეთი მხარს გვიჭერს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით – ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს საერთაშორისო ფორმატებში, სადაც განიხილება როგორც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი.

ამის შესახებ მან ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარის, მერიჩელ ბატეტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვან მიმართულებებს, ასევე, საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების ფარგლებში ესპანეთ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან, რომელთანაც ჩვენ გვაქვს უაღრესად ნაყოფიერი თანამშრომლობა, ყველა ორმხრივი მიმართულებით გაღრმავდეს ასევე საპარლამენტთაშორისო დონეზე საქმიანობა და საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით შემდგომი პერსპექტიული ნაბიჯები განხორციელდეს. ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი პერსპექტივები არსებობს. ესპანეთი მხარს გვიჭერს ყველა საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ასევე, ესპანეთის წარმომადგენლები ევროპარლამენტში საქართველოს ერთ-ერთი მკაფიო, სერიოზული მხარდამჭერები არიან. ბუნებრივია, საუბარი შეეხო რეგიონში ჩვენს როლს, ასევე იმას, თუ რა ნაბიჯები იყოს შემდგომ გადადგმული, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოების თვალსაზრისით, ასევე ხალხთაშორის და კულტურული ურთიერთობების გაფართოების კუთხით. ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იყო და ამ შეხვედრის შედეგებს ჩვენ აუცილებლად, მომავალში ვიხილავთ, როდესაც განხორციელდება პრაქტიკული ნაბიჯები“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი