ახალი ამბები

საქართველო უკრაინაში სამხედრო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას

19 მაისი, 2021 • 1233
საქართველო უკრაინაში სამხედრო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის ძალები მონაწილეობას მიიღებს უკრაინაში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაში (Sea Breeze 2021) ნატოს წევრი და პარტნიორი 26 ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად.

აღნიშნული ინფორმაცია ნეტგაზეთს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. 

28 ივნისი-10 ივლისს დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებში საქართველოს თავდაცვის ძალები წარმოდგენილი იქნება საზღვაო, სახმელეთო და საშტაბო კომპონენტებში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დასავლეთის სარდლობის III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ოცეულის დონის ქვედანაყოფით ჰერსონის რეგიონში დაგეგმილ საველე წვრთნებში ჩაერთვება. ხოლო სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის 2 ოფიცერი კი ოდესაში Sea Breeze 2021-ის მრავალეროვნულ საზღვაო შტაბში იქნება ჩართული.

საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის გარდა, Sea Breeze 2021-ში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი.

სამინისტროს ცნობით, სწავლებაში საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდები ჩაერთვებიან. ეკიპაჟის წევრების გარდა, სანაპირო დაცვის წარმომადგენლები საშტაბო და აბორდაჟის კომპონენტებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

Sea Breeze ყოველწლიური სწავლებაა, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას. საერთაშორისო წვრთნაში საქართველოს თავდაცვის ძალები 2001 წლიდან მონაწილეობენ.


გირჩევთ მასალას ნეტგაზეთის არქივიდან:

ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი