ახალი ამბები

ავსტრია “სინოფარმითა” და სხვა ვაქცინების ორი დოზით აცრილებს კარანტინის გარეშე მიიღებს

19 მაისი, 2021 • 1897
ავსტრია “სინოფარმითა” და სხვა ვაქცინების ორი დოზით აცრილებს კარანტინის გარეშე მიიღებს

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესვლა კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ ის პირები, რომლებსაც “ფაიზერის”, “ასტრაზენეკას”, “მოდერნას”, “ჯონსონის” ან “სინოფარმის” ვაქცინებით იმუნიზაცია სრულად აქვთ ჩატარებული.

ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ში ავსტრიის საელჩო ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, ვაქცინის პირველი დოზით იმუნიზაციიდან ქვეყანაში შესვლისას არაუმეტეს 22 დღე უნდა იყოს გასული და მეორე დოზა პირს 9 თვეზე ნაკლებ დროში უნდა ჰქონდეს ჩატარებული.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ პირს კორონავირუსი გადატანილი აქვს უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, ან უკანასკნელ 3 თვეში ანტისხეულების კვლევამ აჩვენა, რომ პირს იმუნიტეტი აქვს (და აღნიშნული სერთიფიკატი ინგლისში ან გერმანიაშია გაცემული) ასევე კარანტინის გარეშე შეძლებს ქვეყანაში შესვლას.

თუ ავსტრიაში შესვლის მსურველი აღნიშნულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, საელჩოს განცხადებით, უნდა წარმოადგინოს უარყოფითი PCR ტესტი, რომელიც არანაკლებ 72 საათით ადრე იქნება ჩატარებული, ან 48 საათით ადრე გაკეთებული ანტიგენის სწრაფი ტესტის შედეგი.

ასეთ შემთხვევაში ავსტრიაში შესვლის მსურველებს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ქვეყანაში შესვლის შემდეგ კი 24 საათში განმეორებითი PCR ტესტია საჭირო. საელჩო აღნიშნავს, რომ კარანტინის ხარჯები ქვეყანაში შესვლის მსურველებმა თავად უნდა დაფარონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი