ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთმა თურქეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი შეიტანა

19 მაისი, 2021 • 1284
სომხეთმა თურქეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი შეიტანა

სომხეთის რესპუბლიკამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა თურქეთის წინააღმდეგ. ინფორმაციას azatutyun.am ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხური მხარის წარმომადგენლობაზე დაყრნობით ავრცელებს.

სომხური მხარე თურქეთს ედავება 2020 წლის ყარაბაღის 44- დღიან ომში აზერბაიჯანში სირიელი დაქირავებული მებრძოლების გაგზავნას და, შესაბამისად, სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობასა და კონვენციების დარღვევას.

სომხეთის ხელისუფლების მტკიცებით, თურქეთმა სომხეთისა და ყარაბაღის მოსახლეობის სიცოცხლის უფლება დაარღვია. ამასთან, სომხური მხარე თურქეთს ადამიანების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, საკუთრების უფლების, პირადი ცხოვრების უფლებისა და რიგ სხვა უფლებების დარღვევებში ადანაშაულებს და სარჩელს სხვადასხვა მტკიცებულებას ურთავს.

ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, მედიაში სექტემბრის ბოლოდან გავრცელდა ცნობები თურქული ძალების ხელშეწყობით აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების სავარაუდო დისლოკაციის შესახებ, რასაც აზერბაიჯანი და თურქეთი თავიდანვე უარყოფდნენ.

Washington Post-ის 14 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია სცენა, თუ როგორ ელიან სირია-თურქეთის საზღვარზე ნათესავები 52 სირიელი კაცის ცხედრების გადასვენებას სატვირთო მაცივრით; Wall Street Journal ასევე ციტირებს რამდენიმე წყაროს: ერთ-ერთ სირიელ აჯანყებულს, რომელსაც, გამოცემის ცნობით, დაავალეს ყარაბაღში წამსვლელ სხვა მებრძოლთა სიის მომზადება და რომელიც ამბობს, რომ ბრძოლაში წასულებს 2000 აშშ დოლარს უხდიან; ასევე, ციტირებს კიდევ ერთ 38 წლის კაცს, რომელიც ამბობს, რომ მას პირადად 1500 აშშ დოლარს უხდიან, — სირიაში არსებულ შემოსავლებთან შედარებით დიდი რაოდენობის თანხა, —სწორედ ეს იყო მოტივაცია, დათანხმებოდა ყარაბაღში საბრძოლველად წასვლას. WSJ-ის თანახმადვე, კიდევ ერთი მებრძოლი ამბობს, რომ სირიიდან ყარაბაღში სექტემბრის შუა რიცხვებიდან ხდება მებრძოლთა გადაყვნა მცირე, 100-100-კაციან ჯგუფებად; კიდევ ერთის თქმით, ასობით მებრძოლია წასული და უკან ათობითაა დაბრუნებული, რომლებიც ამბობენ, რომ ადგილზე „სასტიკი ბრძოლა“ მიმდინარეობს. გამოცემები წყაროების ვინაობას არ ასაჯაროებენ.

უნდა განვიხილოთ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი – ფაშინიანი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი