ახალი ამბები

„ბორჯომის“ ქარხნების მუშები გაიფიცნენ

18 მაისი, 2021 • 1461
„ბორჯომის“ ქარხნების მუშები გაიფიცნენ

მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნების მუშები ხელფასის მატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ.

პროფკავშირის თანახმად, გაფიცულია კომპანიის 350-მდე თანამშრომელი, რომლებიც მუშაობენ „ბორჯომის“ N1 და N2 ჩამომხსმელ ქარხნებში.

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირი იუწყება, რომ დასაქმებულთა თქმით, მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით კლებულობდა, კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილს უნაზღაურებდნენ.

პროფკავშირის თანახმადვე, გაფიცულები ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვე აწარმოებდნენ, რის შემდეგაც 21-დღიანი სამედიაციო პროცესიც გაიარეს, თუმცა- უშედეგოდ, ხოლო გაფიცვა, კანონმდებლობის შესაბამისად, მედიაციის შემდეგ დაიწყეს.

კომპანიას, რომელშიც გაფიცულები მუშაობენ, ჰქვია შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დირექტორია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გიორგი პავლოვი. ეს კომპანია, თავის მხრივ, ეკუთვნის ნიდერლანდებში რეგისტრირებულ „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“.

პროფკავშირმა გაავრცელა კომპანიის პოზიციაც, რომელიც საწარმოში გააკრეს, სადაც ადმინისტრაცია წერს, რომ „კომპანიის წარმომადგენელთა მიერ პირველ მაისს გახმიანდა შეთავაზება დასაქმებულთა მიმართ ხელფასების მატების შესახებ საკმაოდ სოლიდური ოდენობით“, თუმცა ეს ოდენობა დაზუსტებული არ არის.

ამის შემდეგ ადმინისტრაცია წერს, რომ 14 მაისს მიიღეს შეტყობინება პროფკავშირისაგან გაფიცვის დაწყების შესახებ და თანამშრომლებს აფრთხილებს:

„წინამდებარე წერილით კომპანია ოფიციალურად გატყობინებთ, რომ გაფიცული დასაქმებულების მიმართ ძალას დაკარგავს კომპანიის ყველა შეთავაზება ხელფასების მატების შესახებ“.

დასაქმებულებისადმი მიმართვის თანახმად, ხელფასის მატების შეთავაზება მხოლოდ მათთვის დარჩება ძალაში, ვინც არ გაიფიცება.

პროფკავშირის შეფასებით, „აშკარაა პროფკავშირის და პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი