ახალი ამბები

მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა სექსუალური ორიენტაციის თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით – ლეიბორისტები

17 მაისი, 2021 • 1472
მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა სექსუალური ორიენტაციის თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით – ლეიბორისტები

ლეობორისტული პარტია 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ ადამიანების ჩაგვრა სექსუალური ორიენტაციის თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით, მათთვის მიუღებელია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

“ჩვენთვის მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა სექსუალური ორიენტაციის თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი, თავად განკარგავდეს საკუთარ ცხოვრებას და სარგებლობდეს კანონით მინიჭებული უფლებებით.

ლეიბორისტული პარტია ყოველთვის გმობდა და დაგმობს დისკრიმინაციის ყოველგვარ ფორმასა და გამოვლინებას, ასევე ყველაფერს გააკეთებს მომავალშიც, რათა დამკვიდრდეს თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი!”-წერია განცხადებაში.

დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გუშინ, 16 მაისს, “თბილისი პრაიდმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ თხუთმეტი პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად. ამასთან, დაიცავს თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა, და არ დაუშვებს პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას.

ხელმომწერი პარტიები:
1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
2. გირჩი
3. ევროპული საქართველო
4. გირჩი – მეტი თავისუფლება
5. რესპუბლიკური პარტია
6. კანონი და სამართალი
7. სტრატეგია აღმაშენებელი
8. ლელო
9. რეფორმერი
10. მოძრაობა “დროა”
11. სამართლიანობისთვის
12. ერთიანი საქართველო
13. თავისუფალი დემოკრატები
14. პროგრესი და თავისუფლება
15. გამარჯვებული საქართველო

15-მა პარტიამ ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას მოაწერა ხელი – თბილისი პრაიდი

მასალების გადაბეჭდვის წესი