ახალი ამბები

გომელაური დმანისზე: ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში

17 მაისი, 2021 • 1005
გომელაური დმანისზე: ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც ამ წუთებში დმანისში იმყოფება, აცხადებს, რომ ყველა პირი, ვინც კანონი დაარღვია, სრული სიმკაცრით დაისჯება.

გომელაურის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხდარი ეთნიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს:

“მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანი ვინ იქნება, ყველა, ვინც კანონი დაარღვია, სრული სიმკაცრით დაისჯება. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ეთნიკურად აზერბაიჯენელები და ქართველები ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ორივე საქართველოს მოქალაქეები არიან. ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში”, – ამბობს ვახტანგ გომელაური.

შს მინისტრი ასევე განმარტებას აკეთებს, თუ რატომ ვერ მოხდა კონფლიქტის მოკლე დროში აღმოფხვრა და აცხადებს, რომ ამისითვის საკმარისი არ აღმოჩნდა პოლიციის ჩვეულებრივზე გაათმაგებული რაოდენობა, დღეს კი დამატებითი ძალების მობილიზება მოახდინეს.

“გამოძიება დაწყებულია, გამოკითხვა მიმდინარეობს ახლა და ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ. ხალხი შეიკრიბა ძალიან სწრაფად და ქაოსური სიტუაცია შეიქმნა ძალიან სწრაფად. გუშინდელი დღის შემდეგ გაძლიერდა პოლიცია, მეტი პოლიცია იყო შემოყვანილი. 150 – 200 კაცამდე იყო, მაგრამ, სამმწუხაროდ, ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და დამატებითი ძალები შემოვიყვანეთ. ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქეები არიან, აზერბაიჯანი კი ჩვენი მოკავშირეა. ქვეყნის მტრობაა, ვინც ამბობს, რომ ეს ეთნიკური თემაა და უნდა გამწვავდეს”, – ამბობს გომელაური.

დმანისში საქართველოს მოქალაქეებს – ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელებს შორის ორი დღეა, დაპირისპირებაა. გუშინ, 16 მაისს მედიაში გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიასთან. მაღაზიის მფლობელის თქმით, კონფლიქტი ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების მხრიდან ლუდის “ნისიად” ყიდვის თხოვნას და მასზე უარს მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისში მიმდინარე დაპირისპირებაზე განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რათა კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი