ახალი ამბები

მოვუწოდებთ შსს-ს მყისიერი და მკაცრი რეაგირებისკენ – GDI დედა ენის ბაღის ინციდენტზე

16 მაისი, 2021 • 120966
მოვუწოდებთ შსს-ს მყისიერი და მკაცრი რეაგირებისკენ – GDI დედა ენის ბაღის ინციდენტზე

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” მოუწოდებს შსს-ს, ჰქონდეს მყისიერი და მკაცრი რეაგირება თბილისში დედა ენის ბაღში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, გურამ ფალავანდიშვილმა, რომელიც “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარედ პოზიციონირებს და ჰომოფობიურ აქტივობებში ხშირად მონაწილეობს, დააზიანა ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინსტალაცია.

“გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ღირებულებაა, რომლის ფარგლებშიც არსებობის უფლება მათ შორის არადემოკრატიულ და საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ სიძულვილით განმსჭვალულ მოსაზრებებსაც აქვთ. თუმცა მაშინ, როდესაც ამგვარი შეხედულებები გადადის აქტიურ მოქმედებაში და ზიანდება ადამიანების ფიზიკური ხელშეუხებლობა ან მათი საკუთრება, სახელმწიფოს უჩნდება არათუ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება, დაიცვას ადამიანები ამგვარი თავდასხმებისგან.

შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ებრძოლოს ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს/სამართალდარღვევებს, ამავდროულად კი მისცეს ლგბტქ აქტივისტებს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა”, — ნათქვამია ორგანიზაციის მიეგ გავრცელებულ განცხადებაში.


ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან(17 მაისი) დაკავშირებით შსს-მ განცხადება 14 მაისს გაავრცელა. უწყების თანახმად, 15-20 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი.

“საჯარო სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ორგანიზატორების წერილობითი მომართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთან კომუნიკაციისას განიხილა უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები და ღონისძიებების ჩატარების ალტერნატიული ადგილები, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიების გასამართი ადგილი უცვლელი დარჩა.

პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს”, — ამბობდა უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი