ახალი ამბებისაზოგადოება

“ერთ ადგილზე ვართ გაყინულები” — ხუთსულიანი ოჯახის ცხოვრება ლიანდაგებთან

17 მაისი, 2021 • 3496
“ერთ ადგილზე ვართ გაყინულები” — ხუთსულიანი ოჯახის ცხოვრება ლიანდაგებთან

თბილისში, სანზონაში, რკინიგზის ლიანდაგებთან, შალვაშვილების ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობს. 12 წლის ლუკას და 8 წლის ნიკას სკოლაში წასასვლელად ყოველდღე უწევთ მოქმედი ლიანდაგების გავლა. მათ სახლამდე მისასვლელი სხვა გზა არ არსებობს. არ არსებობს არც ბილიკი ლიანდაგების გვერდზე, რომლითაც ოჯახის წევრები ყოველდღიური საფრთხისგან თავის არიდებას შეძლებდნენ.

ორნახევარი წლის წინ ოჯახის ერთადერთმა მარჩენალმა, 56 წლის ელენე შალვაშვილმა, ლიანდაგებზე ფეხი დაიზიანა. სამსახურიდან მომავალმა გვიან შენიშნა, რომ მატარებელი სწორედ იმ ლიანდაგზე მიდიდოდა, რომლითაც თავად ბრუნდებოდა სახლში. სიჩქარეში ფეხი რელსს წამოკრა და წაიქცა. მართალია, მატარებლის დაჯახებას გადაურჩა, თუმცა, როგორც თავად ყვება, წაქცევის შემდეგ დიდი ხანი გაუჭირდა ადგომა.

ამ შემთხვევის გამო ელენეს ფეხის არეში გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო. ცდილობდა, თავი არ დაენებებინა მუშაობისთვის და კვლავ აგრძელდებდა ყოველდღე სამსახურში იმავე გზით სიარულს, თუმცა კიდევ რამდენჯერმე წაიქცა და საბოლოოდ, ოპერაციის გაკეთება მოუწია. ამის გამო იძულებული გახდა, სამსახურისთვის თავი დაენებებინა.

ამჟამად ოჯახის არცერთი წევრი არ არის მუდმივად დასაქმებული და, როგორც ელენე ამბობს, მათი ყოველთვიური შემოსავალი სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი 300 ლარია.

“ეს ფული სულ გადასახადებში და ჩემს წამლებში იხარჯება. ფაქტობრივად, აღარ გვრჩება საარსებოდ არაფერი. ისეც არ გამოდის, რომ წამლები არ დავლიო, მაშინ სიცოცხლეს უნდა დავემშვიდობო. ძალიან უკიდურეს მდგომარეობაში ვართ, აღარც იმედი აღარ გვაქვს არაფრის”, — ამბობს ელენე.

ფეხის პრობლემების გარდა ელენეს ქრონიკული ბრონქიტიც აწუხებს. მისი თქმით, ხშირად ავადმყოფობენ მისი შვილიშვილებიც. ამის მიზეზად კი მათი საცხოვრებლის ნესტიანობას ასახელებს.

სახლი, რომელშიც ოჯახი ცხოვრობს, ფერდობზეა აშენებული, ერთი კედელი მიწას ესაზღვრება და შენობას არც საძირკველი აქვს. ამის გამო სახლი მუდმივად ნესტიანია, კედლები კი- დაობებული. ძლიერი წვიმების დროს ფერდობიდან წამოსული წყალი სახლში ჩადის, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ ცხოვრებას.

ფერდობის მიწის შესამაგრებლად სახლის ეზოში ბორბლების კედელია გაკეთებული, რომლის რამდენიმე მწკრივი ჩამოშლილია. ელენე ყვება, რომ ეს მწკრივები მიწის დაწოლამ და ძლიერმა წვიმებმა ჩამოშალა.

“ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს კიდევ სხვა მწკრივიც. ყოფილა კიდეც მსგავსი შემთხვევა, ეზოში ვიყავი და უცებ ბორბალები ჩამოგორდა. ძალიან მეშინია, ბავშვები გარეთ რომ თამაშობენ, უცებ არ ჩამოიშალოს კიდევ… მაგრამ რა ვქნათ, ბავშვებმა სადმე ხომ უნდა ითამაშონ? ისედაც ვერ მიდიან ვერსად”, — ამბობს ელენე.

ბავშვები კი ეზოში დაფუშული ბურთით თამაშობენ. როგორც თავად ყვებიან, ეს ბურთი ორი წლის წინ დაბადების დღეზე აჩუქეს და იმ დღესვე გაფუჭდა.

“ამის შემდეგ კიდევ ექვსი ბურთი გვქონდა, მაგრამ ყველა დაიჩუტა”, — ამბობს 8 წლის ნიკა. კითხვაზე, რამდენი ხანია, რაც ახალი ბურთი არ ჰქონიათ, პასუხობს, რომ “ერთი წელი მაინც იქნება”.

ნიკა და ლუკა ერთმანეთს ეთამაშებიან დახუჭობანას, დამალობანას და წრეში ბურთსაც, “ოღონდ წრეში ბურთს მაშინ, როცა მამიდაშვილი მოდის ხოლმე სტუმრად”.

“ამ სახლში, ასეთ პირობებში ცხოვრება ჩემთვისაც და ოჯახის ყველა წევრისთვისაც ძალიან ემოციურია. იმდენად ემოციურია, რომ მე მთელი ღამეები არ მძინავს ამაზე ფიქრით, ამაზე ნერვიულობით. რა ვქნათ, რა გავაკეთოთ. გავყიიდით ამ ადგილს, მაგრამ რამდენად უნდა გავყიდოთ, ხომ უნდა გვქონდეს დასამატებელი თანხა, რომ ხუთი ადამიანი სადმე გადავიდეთ საცხოვრებლად”, — ამბობს ელენე.

საკუთარ თავზე საუბრისას ელენე ამბობს, რომ ყოველთვის ძალიან აქტიური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყავარჯნით უწევს გადაადგილება, ახლაც უჭირს ერთ ადგილას გაჩერება და მუდამ მოძრაობს, ცდილობს, რაღაც გააკეთოს სახლში. სახლის დატოვებას ვერ ახერხებს, რადგან ასეთ მდგომარეობაში ლიანდაგებზე გავლა, როცა შეიძლება ნებისმიერ დროს გამოიაროს მატარებლმა, მისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია.

“უკვე მესამე ჯგუფის ინვალიდი გავხდი და არ შემიძლია შრომა, ესეც გულს მიკლავს. ბუნებით ძალიან მშრომელი ვარ, მაგრამ ჩემმა ჯანმრთელობამ და ასეთმა ყოფამ ძალიან დამაჩაჩანაკა”, – ამბობს ელენე.

56 წლის ქალის თქმით, ასეთ ყოველდღიურობას ვერ შეეჩვია და მომავლის იმედიც აღარ აქვს. თუმცა მაინც ოცნებობს, რომ ერთ დღეს ის და მისი ოჯახის წევრები შეძლებენ სახლიდან გადასვლას ისეთ ადგილას, სადაც ნესტიან და დაობებულ ადგილას ცხოვრება და სახლამდე ლიანდაგებით მისვლა არ მოუწევთ.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომერზე:

ლიბერთი ბანკი: GE12LB0211114788440000

მიმღები: გვანცა საგანელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი