ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს.

ამის შესახებ დღეს, 20 თებერვალს, „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 185 ათასს აღემატება, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა 710 000-ია.

მისი თქმით, ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი, ჯამში, დაახლოებით 1 300 000 პირი, თუმცა ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით.

როგორც სარჯველაძე აცხადებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.

„დასაწყისშივე აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის შემდეგ, მეტი ადამიანის მხარდაჭერის მიზნით, ორჯერ გაიზარდა იმ ქულის მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღებას განსაზღვრავს. ქულა რომ არ გაზრდილიყო, ანუ, შედარებით უფრო შეძლებულებისთვისაც რომ არ დაენიშნა სახელმწიფოს შემწეობა, დღეისთვის შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა იქნებოდა მაქსიმუმ 120 ათასი, ნაცვლად 185 ათასისა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან შესაბამისობაში ვერ მოდის.

„ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო იქმნებოდა ნიადაგი რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად.

დროა წერტილი დაესვას ასეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და ამ მიზნით სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს. ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ გულისხმობს სოციალური შემწეობის გაცემას, ასევე იმ მრავალი შეღავათით სარგებლობას, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლებიც ამ მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას ვერც ახლა და ვერც წარსულში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, მომდევნო თვეებში ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით გადამოწმდებიან.

როგორც სარჯველაძემაღნიშნავს, პრიორიტეტულად შემოწმდებიან ის ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც, სხვადასხვა ფაქტორების გამო, მაღალია ალბათობა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომლის მიხედვითაც მათ შემწეობა ეკუთვნით.

„მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად განისაზღვრება უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში 2 000- ლარიანი შემოსავლის მიღება ყოველთვიურად.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამდენად, მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, შესამოწმებელი ოჯახის წევრებიდან დაწყებული თვით შემმოწმებლებით დამთავრებული, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით. ეს პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი, რადგან მოითხოვს სკრუპულოზურ მუშაობას, ე.წ. ჯავშნების გათვალისწინებას, პროცედურების დაცვას. ამასთან, პარალელურად, ჩვენ მიერ გაანალიზდება პროცედურები და მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დაიხვეწება სისტემა, შეფასების მეთოდოლოგიიდან დაწყებული, დამთავრებული ბაზაში რეგისტრირებული რეალურად შეძლებული ოჯახების ამორიცხვის მექანიზმების შექმნით“, – განაცხადა სარჯველაძემ.