ახალი ამბები

აშშ-ში 26 მილიონის მომგები „ბილეთი“ სარეცხ მანქანაში გარეცხეს

14 მაისი, 2021 • 1319
აშშ-ში 26 მილიონის მომგები „ბილეთი“ სარეცხ მანქანაში გარეცხეს

კალიფორნიაში პირმა, რომელმაც ლატარიაში 26 მილიონი აშშ დოლარი მოიგო, მომგებიანი ბილეთი სარეცხ მანქანაში გარეცხა, რის შედეგადაც განადგურდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას, „კეი-ტი-ელ-ეის“ უთხრა ნორუოლკის ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერმა, სადაც ბილეთი იყო ნაყიდი. 13 მაისი ამ ბილეთით მოგებული თანხის განაღდების ბოლო დღე იყო.

მენეჯერის თქმით, გამარჯვებული სათვალთვალო კამერებზე დაფიქსირებულია. ამასთან ერთად, იგი აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ გამარჯვებული სადგურზე კვლავ მივიდა და თქვა, რომ ბილეთი ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ კი [შარვალთან ერთად] სარეცხ მანქანაში მოხვდა და განადგურდა.

შეუძლია თუ არა გამარჯვებულს თანხის მიღება?

„კეი-ტი-ელ-ეის“ ცნობით, კამერების ჩანაწერები კალიფორნიის ლატარიას გადასცეს. მედიასაშუალება უწყებას დაუკავშირდა, მაგრამ იქ არც დაადასტურეს და არც უარყვეს, რომ გამარჯვებულის ვინაობა ვიდეომასალით დასტურდება. თუმცა კალიფორნიის ლატარიაში აღნიშნეს, რომ ასეთი ჩანაწერის არსებობაც არ იქნებოდა საკმარისი გამარჯვებულის მიერ პრიზის მისაღებად. მათი თქმით, საჭიროა ბილეთის მფლობელობის უფრო არსებითი მტკიცებულებები — მაგალითად, ბილეთის ორივე მხარის ფოტო.

რა ბედი ეწევა თანხას?

თუ გამარჯვებული ბილეთს ან მისი ფლობის არსებით მტკიცებულებებს არ წარმოადგენს, კალიფორნიის საჯარო სკოლები 19,7 მილიონ დოლარს მიიღებენ. მთლიანობაში, სკოლებს ამ სახით უკვე ერთ მილიარდ დოლარზე მეტი გადაურიცხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი