ახალი ამბები

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის შიგნით არ იმყოფებიან — IDF

14 მაისი, 2021 • 1507
ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის შიგნით არ იმყოფებიან — IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების(IDF) განცხადებით, ამჟამად ისრაელის სახმელეთო ჯარები ღაზის სექტორის შიგნით არ იმყოფებიან. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მედიაში დაბნეულობა გამოიწვია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ 13 მაისის ღამით გავრცელებულმა განცხადებამ, რომლის თანახმადაც სახმელეთო და საჰაერო ძალებით უტევდნენ ღაზას.

“განმარტება: IDF-ის სახმელეთო ჯარები ღაზის სექტორის შიგნით არ იმყოფებიან. IDF-ის სახმელეთო და საჰაერო ძალები ახორციელებენ დარტყმებს სამიზნეებზე ღაზის სექტორში”, — ციტირებს ისრაელის თავდაცვის ძალებს გამოცემა Times of Israel.

თავდაცვის ძალების მიერ “ტვიტერზე” მანამდე გამოქვეყნებული ცნობა სულ 1 წინადადებისგან შედგება. ამ ცნობის მიხედვით, ღაზაზე შეტევაში მონაწილეობენ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო ძალები.

ვინაიდან ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული ეს ტვიტი ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, აღნიშნულს მოჰყვა კითხვები: საიდან ხორციელდება ოპერაცია და შევიდნენ თუ არა ისრაელის ძალები უშუალოდ ღაზის ტერიტორიაზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერს ციტირებს ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტიც. მისი თქმით, სპიკერმა თქვა, რომ სახმელეთო ძალები ღაზის სექტორის ტერიტორიაზე არ შესულან.

კიდევ ერთი ჟურნალისტი ანშილ ფეფერი, რომელიც ისრაელში მოქმედ გამოცემასთან “Haaretz” თანამშრომლობს, “ტვიტერზე” წერს:

“ისრაელის არმიის ხაზი ახლა, ბოლო საათებში გამართული რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ბრიფინგის შემდეგ, არის ის, რომ ამჟამად ღაზის სექტორში ისრაელის ჯარი არ იმყოფება”.

ისრაელსა და “ჰამასს”, ასევე, ღაზის სექტორში მოქმედ სხვა პალესტინურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი ორშაბათს, 10 მაისს დაიწყო, რასაც წინ უძღოდა მძიმე შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის იერუსალიმში, მუსლიმთათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან. ამის შემდეგ ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყეს, ისრაელმა კი ღაზაზე — საჰაერო დარტყმები.

მსხვერპლის რაოდენობა ორივე მხარეს იზრდება, ისრაელის ქალაქებში კი მწვავდება ძალადობა ებრაელებსა და არაბებს შორის.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, დაღუპულია ათეულობით პალესტინელი, რომელთაგან 16 ბავშვია, 6 კი — ქალი. ისრაელში დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვი და მოზარდი.

რა ხდებოდა ცეცხლის გახსნამდე?

სანამ სარაკეტო ცეცხლი და ავიადარტყმები იქნებოდა, 10 მაისს იერუსალიმში, მუსლიმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებების შედეგად 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა.

“პალესტინის წითელი ნახევარმთვარის” ცნობით, 228 მათგანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. თავის მხრივ, ისრაელის პოლიცია ამბობს, რომ დაშავდა 21 სამართალდამცავი, რომელთაგან 3 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იერუსალიმის შეტაკებების შემდეგ, პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “ჰამასმა” ისრაელს რამდენიმე საათი მისცა ძალოვნების გასაყვანად იმ ადგილებიდან, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბულობის კერებს წარმოადგენს. მათ შორის იყო ალ-აკსას მეჩეთი.

შეტაკებები ალ-აკსას მეჩეთთან. ფოტო: ალ-ჯაზირა

მას შემდეგ, რაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, “ჰამასმა” მის მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან სარაკეტო ცეცხლი გახსნა იერუსალიმისა და სხვა ქალაქების მიმართულებით. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ იწყებენ დარტყმებს “ჰამასის” პოზიციებზე ღაზაში.

იერუსალიმი, განსაკუთრებით კი, სიწმინდეებით მდიდარი აღმოსავლეთ ნაწილი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთ-ერთ საკვანძო წერტილს წარმოადგენს.

ისრაელი მას თავის დედაქალაქად განიხილავს. აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება, აღმოსავლეთ იერუსალიმს კი ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. თავის მხრივ, პალესტინელები იმედოვნებენ, რომ ქალაქის ეს ნაწილი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი იქნება.

შეიხ ჯარაჰის საქმე — ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა

ბოლო კვირების მანძილზე ვითარება იერუსალიმში განსაკუთრებით დაძაბულია. მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება. მათ შორისაა ქუჩის დაპირისპირებები ებრაელებსა და არაბებს შორის იერუსალიმში, რაც შემდგომ მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა; ასევე, პოლიციის მიერ აღმართული და შემდგომ, პალესტინელთა უკმაყოფილების ფონზე მოხსნილი ბარიერები ე.წ. დამასკოს კარიბჭსთან, სადაც მუსლიმები რამადანის თვეში იკრიბებიან.

თუმცა, ვითარების გამწვავებით ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მიიჩნევა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დიდწილად პალესტინელებით დასახლებული უბნის, შეიხ ჯარაჰის გარშემო განვითარებული პროცესები. საქმე ეხება სასამართლო განხილვას, რომლის ფარგლებშიც ებრაული ორგანიზაცია უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

ორგანიზაცია 1970 წლის კანონს იყენებს და დავობს, რომ ამ მიწის მფლობელები 1948 წლამდე — ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე — ებრაული ოჯახები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა იქ ამჟამად მცხოვრები პალესტინური ოჯახების გამოსახლება და მათი საკუთრების ებრაელი ახალმოსახლეებისთვის გადაცემაა.

თავის მხრივ, კრიტიკოსები დასძენენ, რომ ეს კანონი არ აძლევს საშუალებას პალესტინელებს, თავადაც იდავონ იმ საკუთრებებზე, რომლებიც ებრაელი ოჯახების სასარგებლოდ დაკარგეს ისრაელის სახელმწიფოს ფორმირებამდე.

დაძაბულობისა და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის ფონზე, ისრაელის სასამართლომ გადადო ხსენებულ საქმესთან დაკავშირებული სხდომა, რომელიც ორშაბათს უნდა გამართულიყო.

პოლიცია აპატიმრებს პალესტინელ დემონსტრანტს შეიხ ჯარაში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციის დროს ე.წ. დამასკოს ჭიშკართან, იერუსალიმში. ფოტო: EPA

ალ-აკსას შეტაკებებამდე დაძაბულობის ეპიცენტრი სწორედ შეიხ ჯარაჰის უბანი იყო. აქ ერთმანეთს აპრილიდან უპირისპირდებიან პოლიცია და პალესტინელი დემონსტრანტები. ამ მოვლენებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა როგორც არაბულ ქვეყნებში, ისე მათ გარეთ. სოციალურ ქსელში პოპულარულია ლოზუნგი “გადაარჩინე შეიხ ჯარაჰი”.

CNN-ის თანახმად, ისრაელის მთავრობა შეიხ ჯარაჰის საქმეს განიხილავს, როგორც უძრავი ქონების გარშემო დავას კერძო პირებს შორის და დასძენს, რომ “პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციები” ამ საქმეს “ნაციონალისტური მიზნებისთვის” იყენებენ. ამ ნარატივს არ ეთანხმებიან პალესტინელი ლიდერები, რომლებიც “ეთნიკური წმენდის” მცდელობებზე საუბრობენ.

ამ მოვლენების გამო ისრაელი არაერთმა არაბულმა ქვეყანამ გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კი “დაადასტურა აშშ-ის სერიოზული შეშფოთება პალესტინელი ოჯახების პოტენციური გამოსახლების შესახებ შეიხ ჯარაჰის სამეზობლოში მდებარე სახლებიდან”.

ფოტო: Mohammed Abed/AFP/Getty Images

“ვმხიარულობდით, როდესაც უცებ დაბომბვა დაიწყეს” — ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლი არ წყდება

“ვმხიარულობდით, როდესაც უცებ დაბომბვა დაიწყეს” — ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლი არ წყდება

მასალების გადაბეჭდვის წესი