ახალი ამბები

ენმ პარლამენტში: რას მოიგებს და რას დაკარგავს პარტია

14 მაისი, 2021 • 1926
ენმ პარლამენტში: რას მოიგებს და რას დაკარგავს პარტია

პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ისევ უცნობია. ნათელია, რომ პარტიის წევრებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს: ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტის დასრულების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრობს, ნაწილი კი დასძენს, რომ ალოგიკურია, ენმ შევიდეს პარლამენტში, რომელიც თავადვე გამოაცხადა არალეგიტიმურად 2020 წლის არჩევნების სადავო შედეგების გამო.

მსჯელობა განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ენმ-ის თავმჯდომარემ საპატიმრო დატოვა. პარტიაში ამბობენ, რომ სურთ, გადაწყვეტილება მხარდამჭერთა ფართო ჩართულობით მიიღონ.  მანამდე ანალიტიკოსები მსჯელობენ, რა შეიძლება მოიგოს ან წააგოს პარტიამ იმ შემთხვევაში, თუ შესვლის მომხრეთა ჯგუფი გაიმარჯვებს და ენმ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაებმება.

რატომ (არ) უნდა შევიდნენ? — ენმ-ის წევრთა არგუმენტები

ერთ-ერთი, ვინც პარლამენტში შესვლის იდეას საერთო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მხარი ღიად დაუჭირა, ენმ-ის ლიდერი ხატია დეკანოიძეა. ბოიკოტის იდეას პირველივე დღიდან ემხრობოდა, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ აღნიშნულმა ტაქტიკამ, “მელიას გამბედაობასთან ერთად”,  შედეგი მოიტანა და დადგა სხვა რეალობა, რომელსაც პარტიის გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს.

ენმ-ის წევრის თქმით, თუ პარტია განაგრძობს პარლამენტის ბოიკოტს, საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც გულისხმობს “ქართული ოცნებისთვის” დამატებითი სივრცის მიცემას მანიპულაციებისთვის.

დეკანოიძის აზრით, თუ ენმ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს (მისი თქმით, სხვა გზა პარტიისთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება), პარლამენტიც უნდა გამოიყენონ ამ მიზნისთვის, რადგან თუ ყველა მიმართულებით ბოიკოტი იქნება, პარტიული სტრუქტურები დასუსტდება.

“პარლამენტი და პროტესტი, ხალხთან ურთიერთობა არავითარ უკუკავშირში არ არის ერთმანეთთან; ყველაზე მეტად ვისაც უნდა ენმ-ის გარეთ დატოვება – ქართული ოცნებაა: ჩვენ გამოგვეცალა ერთპარტიული პარლამენტი, როგორც ყველაზე დიდი ბერკეტი. ახლა, თუ ჩვენ არასაპარლამენტო პარტია გავხდებით, ივანიშვილის მიზანიც ეგ არის”, — დასძენს ის.

ამასთან, ხატია დეკანოიძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციის მუდმივი კინკლაობა ნიშნავს რეჟიმის გაძლიერებას. ენმ-ის გარეშე კი, მისი თქმით, ცვლილება ვერ მოხდება, ისევე როგორც მთელი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გარეშე გართულდება გამარჯვება.

თავის მხრივ, პარლამენტში შესვლის მოწინააღმდეგეები დასძენენ, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ პარლამენტის ლეგიტიმაციის კუთხით არაფერი შეცვლილა. გია ბარამიძის სიტყვებით, კოლეგების არგუმენტებს პატივს სცემს, თუმცა ამჟამინდელი პარლამენტი “არ არის ლეგიტიმური სტრუქტურა, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს”. მისი თქმით, ენმ-ის პარლამენტში შესვლა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს სურს, რათა ამით უწყების ლეგიტიმურობის საკითხი დაიხუროს.

გიორგი ბარამიძე

“შედიხარ პარლამენტში და თან ამბობ, რომ არალეგიტიმურია, ცოტა სასაცილოა. და თუ აქამდე ამბობდი, რომ არალეგიტიმურია, რანაირად შედიხარ? ძალიან მარტივი ლოგიკაა.

სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია… თუ ჩვენ ხალხს ერთს ვეუბნებოდით 6 თვის განმავლობაში და ახლა მეორეს გავაკეთებთ, ელემენტარულად დავკარგავთ ხალხის მხარდაჭერას და მერე როგორ უნდა გვქონდეს რაიმე არჩევნებზე წარმატების იმედი, არ მესმის”, — აღნიშნა მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში საუბრისას.

მისივე თქმით, პარლამენტის ტრიბუნის მნიშვნელობას აცნობიერებს, თუმცა “ხალხის ნდობა” უპირველესია.

“ეს არის ყველაზე ძვირფასი, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ და არა იმას წავეპოტინოთ, რაც ასჯერ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია”, — დასძინა მან.

თუ შესვლა გადაწყვიტეს: რას იგებს ენმ?

ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ორივე ტაქტიკა — შესვლაც და პარლამენტის ბოიკოტის გაგრძელებაც — შესაძლებლად მიაჩნია, თუმცა, მისი აზრით, უმჯობესი იქნება, თუ პარტია პირველ გზას აირჩევს.

ხუხაშვილის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება წაადგება  ოპოზიციის ერთიანობას 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომლის შედეგმაც, ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის ევროკავშირის მედიაციით დადებული შეთანხმების თანახმად, რიგგარეშე არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტოს.

კერძოდ, შეთავაზების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

“არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთო ოპოზიციური კოორდინაცია. არა ერთიანი და საერთო სიებით გამოსვლა, არამედ კარგი კოორდინაცია, რომლითაც 43%-იან ბარიერთან დაკავშირებული შედეგი უფრო მიღწევადი იქნება.

იმ პირობებში, როცა ენმ დარჩება გარეთ და ფაქტობრივად სრულიად აშკარა იქნება მასსა და პარლამენტში შესულ ოპოზიციას შორის გარკვეული დაპირისპირება, რითაც ხელისუფლება კარგად ისარგებლებს, ეს ფაქტობრივად გამორიცხავს ასეთი ტიპის თანამშრომლობას”,— ეუბნება ანალიტიკოსი “ნეტგაზეთს”.

ხუხაშვილის თქმით, თუ ოპოზიცია 2021 წლის არჩევნებზე ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს და ენმ-ც პარლამენტის გარეთ იქნება, ეს, შესაძლოა, “შეუქცევადი დამანგრეველი პროცესის” წინაპირობა გახდეს პარტიაში.

ამ პოზიციას “რონდელის ფონდის” უფროსი მკვლევარი, კახა გოგოლაშვილიც იზიარებს. გარდა იმისა, რომ სხვა ოპოზიციურ ძალებთან კონსოლიდაციის აუცილებლობასაც ხედავს, გოგოლაშვილის თქმით, ენმ პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში მნიშვნელოვან ტრიბუნას დაკარგავს:

“თუ ენმ არ შევა პარლამენტში, მაშინ გამოდის, რომ ალბათ მან უნდა მოახდინოს ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტიერებაც. თუ არც მოახდენს არჩევნების ბოიკოტირებას, ის კარგავს ტრიბუნას პარლამენტის სახით, რომელიც კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ თავი გამოიჩინო, აჩვენო, რა მიზნები გაქვს და რა იდეებს ატარებ. ეს ყველაფერი მათთვის წამგებიანია, რა თქმა უნდა”.

ანალიტიკოსი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ცხადაიაც ფიქრობს, რომ ენმ საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა ჩაებას. მისი აზრით, პარტიის მთავარი მოგება იქნება ის, რომ დასავლეთის თვალში “შედარებით უფრო კონსტრუქციული ძალის” იმიჯს შეიქმნის “იმასთან შედარებით, რაც ახლაა”.

“ვფიქრობ, ახლა ისე ჩანს, რომ ასეთი ტიპის რადიკალიზმი და დასავლეთის პოზიციის უარყოფა აზიანებს მოძრაობას და მეტად მოიგებენ, თუ უფრო დაუახლოვდებიან დასავლეთის პოზიციებს.

ალბათ სააკაშვილიც ნაწილობრივ ამის გამო ფიქრობს, რომ შესვლა უფრო სწორია. როცა მთავარი პარტნიორი სხვა აზრზეა და შენი წარმატება დიდწილად მის პოზიციებზე, მისი მხრიდან მთავრობაზე ზეწოლაზეა დამოკიდებული, უმჯობესია, დათმო შენი პოზიცია”, — დასძენს ცხადაია.

“პარლამენტის ლეგიტიმაცია” — დაკარგავს თუ არა პარტია ამომრჩეველს?

როგორც უკვე ვთქვით, ენმ-ის წევრთა ნაწილის პოზიციაა, რომ პარლამენტში შესვლა ავტომატურად ნიშნავს მის ლეგიტიმაციას, რითაც პარტია ამომრჩეველს გაანაწყენებს. ისინი ხედავენ საფრთხეს, რომ შესაძლოა, დაკარგონ ელექტორატის ნაწყენი ნაწილის მხარდაჭერა.

რამდენად წონადია ეს არგუმენტი? გიორგი ცხადაია ფიქრობს, რომ მართლაც შეიძლება, “ვიღაცებს გული აუცრუვდეთ” და პარტიამ ელექტორალურად იზარალოს, თუმცა ანალიტიკოსს, ამ შემთხვევაში, სააკაშვილის ფაქტორი მიაჩნია საკვანძოდ. ცხადაიას თქმით, პარტიის ერთიანობა და მხარდამჭერთა განწყობაც დიდწილად სწორედ მიხეილ სააკაშვილის ბოლო სიტყვაზე იქნება დამოკიდებული.

“გააჩნია, რა სცენარით განვითარდება მოვლენები: თუ მთავარი ლიდერი, სააკაშვილი, შესვლას დაუჭერს მხარს, მაშინ ნაკლებ სავარაუდოა, რომ შესვლამ გამოიწვიოს პარტიის შიგნით განხეთქილება, რადგან დიდი შანსია, რომ სააკაშვილს გაჰყვებიან რადიკალურად განწყობილებიც, ვისაც [ამჟამად] შესვლა არ უნდა.

მაგრამ თუ სააკაშვილი დაიჭერს ან ნეიტრალურ პოზიციას, ან იტყვის, რომ შესვლა არ გვინდაო… ამ შემთხვევაში, უკვე რისკია იმისა, რომ თვითონ პარტიის შიგნით წარმოიშვება უთანხმოება. საბოლოო ჯამში, ამ უთანხმოებაში, სავარაუდოდ, რადიკალური ნაწილი გაიმარჯვებს. შეიძლება, ამან გამოიწვიოს განხეთქილება და ის, რომ ვიღაცები გამოვიდნენ პარტიიდან”, — დასძენს ის.

მიხეილ სააკაშვილმა 20 აპრილს, ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ნიკა მელია ციხიდან უნდა გამოსულიყო “ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, ყოველგვარი გუაგებარი გირაოს გარეშე” ისე, როგორც ეს მას სურდა. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდებოდა, სააკაშვილმა ენმ-ს მოუწოდა, ხელი მოეწერა მიშელის დოკუმენტისთვის.

მისივე სიტყვებით, ენმ-ს 2021 წლის არჩევნებში სასურველი შედეგისთვის უნდა გამოეყენებინა ყველა ინსტრუმენტი და შესულიყო პარლამენტშიც, რომელიც “უკანონო და მოპარული არჩევნების შედეგია”.

თუმცა, მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 10 მაისს, სააკაშვილს პირდაპირი პასუხი აღარ გაუცია კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია პარტიის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

“ეს უნდა გადაწყვიტოს ჩვენმა ამომრჩეველმა. უნდა გავიაროთ კონსულტაციები, მაგრამ [პირველ რიგში] უნდა ვკითხოთ ჩვენს ხალხს”, — უპასუხა მან “ტვ პირველის” წამყვანის კითხვას. დამაზუსტებელ კითხვას, როგორია უშუალოდ მისი მოსაზრება,  სააკაშვილმა უპასუხა:

“ჩემი მოსაზრება არის, რომ შემოდგომაზე ჩვენ უნდა შევცვალოთ ივანიშვილი”.

მიხეილ სააკაშვილი. ფოტო: პირადი ფეისბუკი

კახა გოგოლაშვილს პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხზე აპელირება მცდარ მიდგომად მიაჩნია. მისი თქმით, ეს პოლიტიკური პროცესია და “პარტიამ პირველ რიგში უნდა იფიქროს ამომრჩევლის ინტერესზე და არა იმაზე, რომ ვინმეს თავი მოაწონოს ან ვინმეს წინაშე უკან არ დაიხიოს”.

“ყველას კარგად უნდა ესმოდეს თავისი მიზნები. საუბარი იმაზე, რომ რახან არალეგიტიმურად ჩავთვალეთ პარლამენტი, იქ შესვლა უკვე იქნება ამორალური და ა.შ… მოდით, დავაკვირდეთ იმას, თქვენ ერთხელ რომ თქვით, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურიაო, მას შემდეგ იყო მოლაპარაკებები, ხომ?

მოლაპარაკებები პოლიტიკური პროცესია, რომლის შედეგადაც თქვენ შეთანხმდით რაღაცაზე. პოლიტიკური გარიგება მოხდა და ამიტომ შედიხართ პარლამენტში, იმიტომ კი არა, რომ ცნობთ იმ პარლამენტის ლეგიტიმურობას”, — ასე პასუხობს ის ენმ-ის ნაწილის არგუმენტებს.

ამომარჩევლის შესაძლო დაკარგვაზე საუბრისას გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ პარტიამ ამომრჩეველთა ნაწილი უკვე დაკარგა და ეს მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით მისი წევრების უმრავლესობის ხისტი პოზიციის, ასევე, ხელმომწერი პარტიების მიმართ დამოკიდებულების გამო მოხდა:

“[ამომრჩეველს] უფრო დაკარგავენ, თუ პარლამენტში საერთოდ არ შევლენ და არც ხელს მოაწერენ შეთანხმებას. რა თქმა უნდა, ძალიან კონსერვატიულ ამომრჩეველს შეინარჩუნებენ, მაგრამ დანარჩენ ამომრჩეველს დაკარგავენ ასეთი პოლიტიკით.

თუ საერთოდ არ შევლენ პარლამენტში, მაშინ დარჩება ერთადერთი გზა, რევოლუციის გზა, რომელსაც, როგორც კი დაადგება, მაშინვე წააგებს, რადგან მათზე უფრო პოპულისტური და მეტად რადიკალური ძალები მოდიან პოლიტიკაში. ამ ძალებში ესენი დაიკარგებიან უბრალოდ”.

გოგოლაშვილის მსგავსად, აღნიშნული არგუმენტის რელევანტურობას ეჭვქვეშ აყენებს გია ხუხაშვილიც. მისი თქმით, გასაგებია, რომ პარტია არ ცნობს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას, თუმცა  “პოლიტიკაში არის მოცემულობა, როდესაც უნდა აღიარო დე ფაქტო მდგომარეობა”.

“არ ვეთანხმები იმას, რომ რაღაცნაირად დამარცხებად ფორმდება ეს ყველაფერი. რა იყო მთელი ამ პროცესის მთავარი პოლიტიკური ამოცანა, რაც მელიას დაპატიმრების შემდეგ დაიწყო? რომ რაღაც დათქმით დანიშნულიყო რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე არჩევნები რაღაც დათქმით, ფაქტობრივად, დანიშნულია. მართალია, დათქმით, მაგრამ დანიშნულია.

ოპოზიციამ, რეალურად, გაიმარჯვა. გვახსოვს, ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებზე ამბობდა, რომ ეს წითელი ხაზი იყო. იძულებული გახდა, რომ გაეხსნა [წითელი ხაზი] და ეს დათქმა შეთანხმებაში არის.

პოლიტიკური შედეგი მიიღე. ახლა კეთილი ინებე და შექმენი პირობები, რომ მიაღწიო რიგგარეშე არჩევნებს და ეს არჩევნები მოიგო. ამისთვის საჭიროა, რომ პარლამენტი შედგეს. თუნდაც არალეგიტიმური, ტექნიკური პარლამენტი, რომელიც ა-დან ბ წერტილამდე მიგვიყვანს”, — დასძენს ხუხაშვილი.

რაც შეეხება ამომრჩევლის შესაძლო დაკარგვას, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ადამიანების ნაწილი მართლაც განაწყენდეს, თუმცა არ ფიქრობს, რომ აღნიშნულს პარტიისთვის მნიშვნელოვნად უარყოფითი შედეგი ექნება:

“ყველა პარტიას და განსაკუთრებით, ენმ-ს ჰყავს ამომრჩევლის  ისეთი ორთოდოქსი, აგრესიული ფრთა, რომელიც მუდმივად სწრაფ შედეგზეა ორიენტირებული. მაგრამ ისინიც უნდა მიხვდნენ, რომ არ არის ეს სწრაფი შედეგი და რაღაც გზა უნდა გაიარო.

თუ ვერ გაიგებენ, კი ბატონო, გაბრაზდებიან, მაგრამ სად წავლენ? თუ პარლამენტში შევა [ენმ], იქნება პრინციპული… ეს არის ხალხი, რომელსაც შეიძლება დროებით იმედგაცრუება ჰქონდეს, მაგრამ ისევ დაბრუნდებიან, რადგან სხვაგან წასასვლელი ამ ამომრჩეველს არ აქვს”.

როდის გვეცოდინება საბოლოო პასუხი?

ამ კითხვაზე პასუხი დაინტერესებულ საზოგადოებას ჯერ არ აქვს. იყო ვერსია, რომ ენმ-ს პარლამენტში შესვლის საკითხი იმავე გზით უნდა გადაეწყვიტა, რომლითაც ნიკა მელია აირჩია პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გასული წლის დეკემბერში- ფეისბუქ ჯგუფში გამოკითხვით.

დღეს, 14 მაისს, მელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, საზოგადოებასთან კომუნიკაცია სურს. ენმ-ის თავმჯდომარემ რეგიონებში ჩასვლის შესაძლებლობაც ახსენა:

“არ მინდა, უპატივცემულობა დავაფიქსირო ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ ამ უზარმაზარ პარტიაში და ამავე დროს, არ მინდა, თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღო ეს გადაწყეტილება.

მინდა, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გამოცხადდება ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური”.

მასალების გადაბეჭდვის წესი