ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი აზერბაიჯანს სიუნიქში სასაზღვრო პროვოკაციაში ადანაშაულებს

13 მაისი, 2021 • 1307
ფაშინიანი აზერბაიჯანს სიუნიქში სასაზღვრო პროვოკაციაში ადანაშაულებს

სომხეთის აწ უკვე პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ინციდენტი, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სიუნიქის პროვინციაში მოხდა, იყო აზერბაიჯანის მიერ დადგმული პროვოკაცია.

მან ეს განცხადება დღეს, 13 მაისს გააკეთა.

“რაც მოხდა სიუნიქში, იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რადგან აზერბაიჯანულმა მხარემ წინასწარ მოიტანა ყალბი რუკები, რათა დაემტკიცებინათ, რომ ისინი იყვნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სომხეთის სუვერენული ტერიტორია არ უნდა იყოს დარღვეული და აზერბაიჯანელი ძალები უნდა დაბრუნდნენ საკუთარ საწყის პოზიციებზე”, – განაცხადა ფაშინიანმა.

მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალები შეეცადნენ განეცორციელებინათ “გარკვეული აქტივობები” სიუნიქის პროვინციაში, რაც მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც სომხურმა ძალებმა შესაბამისი ზომები მიიღეს. ფაშინიანის მიხედვით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაარღვიეს სომხეთის საზღვარი და 3.5 კილომეტრის მანძილზე შევიდნენ სომხეთის ტერიტორიაზე.

სიუნიქის პროვინცია სომხეთის უკიდურესი სამხრეთით მდებარეობს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საზღვრის ამ მონაკვეთის დემილიტაცია-დემარკაცია არ მომხდარა, რადგან საზღვრის ორივე მხარეს სომხური ძალები აკონტროლებდნენ.

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ბაქოს პოზიციის თანახმად, აზერბაიჯანულმა ძალებმა დაიწყეს საკუთარი საზღვრის დაკავება საბჭოთა კავშირის დროს გამოცემული რუკების მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი