ახალი ამბები

მერის მოადგილის ბიზნესპარტნიორის კომპანია ქუთაისში ტენდერებს იგებს — TI

14 მაისი, 2021 • 1080
მერის მოადგილის ბიზნესპარტნიორის კომპანია ქუთაისში ტენდერებს იგებს — TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის კომპანია ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტენდერებს იგებსორგანიზაციის ცნობითვე, სატენდერო კომისიას 2019 წელს თავად იუზა უგულავა ხელმძღვანელობს.

TI-ის თანახმად, 2019-2021 წლებში შ.პ.ს “ლიკო-1-მა” ქუთაისის მერიის მიერ აუქციონის გარეშე გამოცხადებულ 5 ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ზაალ ხიდაშელი, რომელიც ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორია. იუზა უგულავა და ზაალ ხიდაშელი ფლობენ 50-50%-იან წილებს შპს “იუკოში”, რომლის დირექტორიც ასევე ხიდაშელია.

“ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 294 545 ლარი შეადგინა. 2019 წელს 114 220 ლარის ტენდერი მოიგო, 2020 წელს – 16 000 ლარის, ხოლო 2021 წლის 5 მარტს კომპანიასთან 164 325 ლარზე გაფორმდა ხელშეკრულება. ხუთი ტენდერიდან ოთხ შემთხვევაში შპს “ლიკო-1-ს” კონკურენტი არ ჰყოლია. კომპანიას ქუთაისის სკვერებისთვის ძელსკამები უნდა დაემზადებინა და დაემონტაჟებინა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იუზა უგულავა ვალდებული იყო, განეცხადებინა ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (რადგანაც ტენდერში მონაწილე კომპანიის წილის მფლობელი და დირექტორი მისი ბიზნესპარტნიორია) და შეეწყვიტა აღნიშნული შესყიდვების განხილვის პროცესში მონაწილეობა”,-აცხასდებენ TI-ში.

აქედან გამომდინარე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწდებს, შეისწავლოს ქუთაისის მერიის ტენდერებში შპს “ლიკო-1-ის” გამარჯვების კანონიერების საკითხი:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”  შეფასებით, ტენდერებში შპს “ლიკო-1-ის” გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასთან და შემსყიდველი ორგანიზაციების მიუკერძოებელ მიდგომასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ ქუთაისის მერიის ტენდერებში შპს “ლიკო-1”-ის გამარჯვების კანონიერების საკითხი”.

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომლებიც არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები, თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია. შესყიდვების კანონმდებლობის  მიხედვით კი, ფიზიკურ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.

ნეტგაზეთი ქუთაისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა და გამოგვიგზავნეს ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი გიორგაძის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც იუზა უგულავა მერის მოადგილე გახდა, მართვის უფლებით სხვა ადამიანს გადასცა.

“მოცემული შემთხვევა ინტერესთა ონფლიქტთან არანაირ კავშირში არ არის. მინდა წარმოგიდგინოთ შემოსავლების სამსახურიდან აღებული ცნობა, რომელიც საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მოეთხოვა და ამის შემდეგ გამოექვეყნებინა რაიმე ინფორმაცია. ნათლად ჩანს რომ შ.პ.ს “იუკო”, რომელიც დაფუძნებულია 2006 წელს, 2010 წლიდან უკვე აღარ ეწევა არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას.

“იუკოს” ერთ-ერთ დამფუძნებლად ბატონი იუზა ფიქსირდება, თუმცა 2019 წელს, როცა ბატონი იუზა მერის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა, უარი თქვა საკუთარ აქციებზე და მართვის უფლებით მესამე პირს გადასცა. ის შ.პ.ს “იუკოს” საქმიანობაში არ ერევა. რაც შეეხება “ლიკო-1-ს”, არის ერთი პირის დაფუძნებული კომპანია და ეს ზაალ ხიდაშელია, რომელიც ასევე არის დირექტორი. ხიდაშელი “იუკოს” ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არსებობს. მით უფრო სტატიაში ეწერა, რომ ზოგიერთ ტენდერში თითქოსდა “ლიკო 1″ მხოლოდ მარტო მონაწილეობდა და კონკურენტი არ ჰყავდა, ჩვენ ტენდერებს ვაცხადებთ და არის დახურული ტენდერი. როგორ წაიკითხა, როგორ ნახა, ვინ როგორ მონაწილეობდა, სტატიის ავტორმა, ჩემთვის გაუგებარია”, — აცხადებს მერიის წარმომადგენელი.

ნეტგაზეთს მერიის პრესსამსახურმა გამოუგზავნა შემოსავლების სამსახურის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით შ.პ.ს “იუკოს” მიერ საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარდგენილი დამატებითი ღირებულების ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, 2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით პერიოდში ბრუნვა არ უფიქსირდება, ხოლო 2016 წლიდან 03/2021 წლის ჩათვლით დეკლარაციის წარმოდგენა არ ფიქსირდება. საჯარო რეესტრის მიხედვით, შ.პ.ს “იუკოს” 50%-ის მმართველობა უგულავას გაცემული აქვს  ვასილ ჩხენკელზე.

ნეტგაზეთი “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელს ესაუბრა. როგორც ლელა მოწონელიძე ამბობს, საკუთარი წილის მმართველობის უფლების სხვაზე გადადემის შემთხვევაშიც კი ინტერესთა კონფლიქტის საკითხი მაინც დგება.

“წილის მართვის უფლებით გადაცემა ხდება კანონის საფუძველზე, რომელიც ეხება ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს. წილის მართვა ყველა საჯარო თანამდებობის პირმა სხვა პირს უნდა გადასცეს. ჩვენ ამ საკითხზე არ ვსაუბრობთ… საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლი ამბობს სწორედ იმას, ვინ არის ინტერესთა კონფლიქტის მქონე პირი. თუ ერთი საწარმოს დამფუძნებლები არიან და მათი წილი 20%-ს აღემატება, ისინი უკვე არიან ინტერესთა კონფლიქტის სუბიექტები. კანონში გამონაკლისის სახით არ წერია ის შემთხვევა, თუ წილია მართვის უფლება სხვა პირს გადაეცემა. ეს წილის მართვით გადაცემა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაკეთდა, არის სხვა მიზენისთვის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტს არცერთ შემთხვევაში არ გამორცხავს” ,— ამბობს TI-ის წარმომადგენელი.

ამას გარდა, ლელა მოწონელიძე ამბობს, რომ ე.წ. დახურული ტენდერი არ არსებობს და ხელშეკრულების დადების შემდეგ ინფორმაცია, თუ რამდენმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ტენდერში სახელმწიფო შესყიდვების საიტზე იტვირთება.

“მსგავსი ინფორმაცია არ იმალება და იტვირთება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ტენდერის მიმდინარეობისას გარკვეულ ეტაპზე შეთავაზებები დაფარულია, თუმცა შემდეგ ყველასთვის საჯარო ხდება. კანონმდებლობით დახურული ტენდერი არ არსებობს. თუ ისინი გულისხმობენ იმას, რომ ეს არის ვაჭრობა დახურული მონაცემებით, რაც უკვე ვახსენე. ეს არის გარკვეულ ეტაპზე ტენდერის მიმდინარეობისას, ანუ მაშინ, როცა წინადადებები შედის მონაწილეების მხირდან. მხოლოდ ამ ეტაპზე არის ეს ინფორმაცია დახურული და შემდეგ ინფორმაცია საჯაროა ყველასთვის.”

ორგანიზაციამ ასევე გამოგვიგზავნა იმ 5 ტენდერის ჩამონათვალი, რაც მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში მოხვდა და 4 მათგანში მხოლოდ შ.პ.ს “ლიკო-1″ მონაწილეობს. ერთ მათგანში -“ლიკო-1-ის” კონკურენტი შ.პ.ს “ჯითი კაპიტალი”, რომელმაც 2 450 ლარით ძვირად შესთავაზა მერიას საპარკე ძელსკამების შეძენა-მონტაჟი.

მასალების გადაბეჭდვის წესი