ახალი ამბები

“ვითოხვთ ხელფასის 150 ლარით ზრდას” — გაფიცვის მე-10 დღე ოზურგეთში

13 მაისი, 2021 • 1312
“ვითოხვთ ხელფასის 150 ლარით ზრდას” — გაფიცვის მე-10 დღე ოზურგეთში

ოზურგეთში, ფქვილის საწარმოში დასაქმებული მუშები მე-10 დღეა გაფიცულები არიან. ისინი დღეს, 13 მაისს, 2 საათზე, ქარხნის ტერიტორიაზე გამართავენ საპროტესტო აქციას.

გაფიცული თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მატებას ითხოვენ. როგორც საწარმოს ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიუხედავად მოლაპარაკებებისა, მხარეებს შორის შეთანხმება ამ ეტაპზე კვლავ არ არის მიღწეული, რის გამოც, ისინი აგრძელებენ გაფიცვასა და საპროტესტო აქციებს.

ნეტგაზეთს ფქვილის საწარმოს ადმინისტრაციაშიც დაუდასტურეს, რომ თანამშრომლებთან შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

შეთანხმება ვერ შედგა

ოზურგეთში მდებარე შპს “გურია ექსპრესის” ფქვილის საწარმოს თანამშრომლებმა ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მიუხედავად შეხვედრებისა, მათი ძირითადი მოთხოვნა, ხელფასების მატება კვლავ არ დაკმაყოფილდა, რის გამოც ისევ აგრძელებენ გაფიცვას.

“გუშინწინ [11 მაისს] გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ დრო სჭირდებოდათ. მათ ითხოვეს ორი დღე, რათა ამ საწარმოს მეპატრონესთან ჰქონოდათ მოლაპარაკება. ასე აჭიანურებენ დროს, რაშიც გავიდა 10 დღე, რის გამოც წარმოებამ ნახა უდიდესი ზარალი”, — უთხრა ნეტგაზეთს ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

კომპანიის ადმინისტრაციამ ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ მხარეებს შორის საუბარი შედგა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

კითხვაზე, თუ როდის მიიღებს საწარმო გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, რომ ეს საწარმოს დამფუძნებელზეა დამოკიდებული.

მანამდე, 10 მაისს გაფიცულთა ადვოკატმა, თინათინ ბასილაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ 11 მაისს გაიმართება გაფიცულებსა და კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, სადაც მხარეები საერთო პოზიციის შეჯერებას შეეცდებიან.

“ერთ მაგიდასთან დასხდება ორივე მხარე და იმედია, რომ რაიმე შედეგს დავდებთ”, — უთხრა მან ნეტგაზეთს.

მთავარი მოთხოვნა – ხელფასის მატება 150 ლარით

“ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის ხელფასი ფიქსირებული 800 ლარი. აქამდე ჩვენ გვქონდა ფიქსირებულად 650 ლარი, მაგრამ იყო შრომითი ექსპლუატაცია. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტში 650 ლარი ეწერა, როგორც ფიქსირებული, ჩვენ გვამუშავებდნენ საათობრივ ანაზღაურებამდე და გვატყუებდნენ. ხან საათში 2 ლარი გამოგვდიოდა, ხან — 3, და თვის განმავლობაში ვაგროვებდით 12 სამუშაო დღეს, 15 დღეს, ხელფასს კი არასტაბილურად ვიღებდით, ხან 300 ლარს, ხან- 450 ლარს, ხანაც- 500-ლარს”, — უთხრა ნეტგაზეთს საწარმოს ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა.

გარდა ხელფასების მატებისა, გაფიცული თანამშრომლები ითხოვდნენ შრომითი პირობების გაუმჯობესებას.

“დაწესებულებაში უნდა მოეწყოს გამოსაცვლელი ოთახი და აბაზანა. გაფიცულები ითხოვენ სამზარეულოს კეთილმოწყობასაც, ხელმძღვანელობის მხრიდან დასაქმებულებისადმი პატივისცემასა და შესაბამის მოპყრობას, ხელფასის შრომა-საათებისა და ღამის ცვლების გათვალისწინებით, სამართლიან გამოთვლას; თანაბარ პოზიციებზე დასაქმებული პირებისთვის თანაბარ ანაზღაურებასა და დამლაგებლის შტატის შექმნას”, — უთხრა გაფიცულთა ადვოკატმა ნეტგაზეთს.

საწარმოს ადმინისტრაციის განცხადებით, შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.


სოციალურ ქსელში მოქალაქეთა ნაწილმა ოზურგეთის ფქვილის საწარმოს თანამშრომლებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ფულის შეგროვება დაიწყო. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, უკვე შეგროვდა 1 700 ლარი, რომელიც გაფიცულ თანამშრომლებს გადაეცემათ.

ფოტო გარეკანზე: მაუწყებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი