ახალი ამბები

აშშ-ში CDC-მ 12-15 წლის ბავშვების Pfizer-ით იმუნიზაციის რეკომენდაცია გასცა

13 მაისი, 2021 • 1002
აშშ-ში CDC-მ 12-15 წლის ბავშვების Pfizer-ით იმუნიზაციის რეკომენდაცია გასცა

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადების კონტროლის ცენტრის მრჩეველთა პანელმა 12-15 წლის ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრის რეკომენდაცია გასცა.

გადაწყვეტილება 14 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღეს.

მანამდე აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ დაუშვა “ფაიზერის” ვაქცინის მოზარდებში გამოყენება. გადაწყვეტილება FDA-მ ორშაბათს მიიღო.

როგორც CNN წერს, ეს პირველი ვაქცინაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის გამოყენებაც მოზარდებში იქნება შესაძლებელი. მანამდე “ფაიზერის” ვაქცინას ავტორიზაცია მინიჭებული ჰქონდა 16 წლიდან პირებში გამოყენებისთვის. რაც შეეხება დანარჩენ ვაქცინებს, რომლებიც აშშ-ში გამოიყენება, მათ შორის, “მოდერნასა” და “ჯონსონს”, ორივე მათგანს გამოყენების უფლება 18+ პირებში აქვს.

FDA-ს აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის მიერ ჩატარებულ კლინიკურ ტესტირებას ეფუძნება, რომელშიც 12-დან 15 წლამდე 2 260 მოზარდი მონაწილეობდა. კომპანიის განცხადებით, კვლევაში ვაქცინამ 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა და უსაფრთხოება დაამტკიცა.

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოზარდებში ვაქცინამ კიდევ უფრო მაღალი ეფექტიანობა აჩვენა, ვიდრე 16-25 ასაკობრივ ჯგუფში, უსაფრთხოების ნაწილში კი იდენტური შედეგები ჰქონდა.

როგორც CNN წერს, ახლა ოთხშაბათს უნდა შეიკრიბოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმუნიზაციის საკითხებში მრჩეველი კომიტეტი, რის შემდეგაც გადაწყდება, დაიწყება თუ არა აშშ-ში მოზარდების აღნიშნული პრეპარატით იმუნიზაცია.

გამოცემა წერს, რომ 12-15 წლის მოზარდები აშშ-ის პოპულაციის 5%-ს შეადგენენ. გაფართოებული ავტორიზაცია კი ნიშნავს, რომ ვაქცინაცია აშშ-ის მოსახლეობის 85%-სთვის იქნება შესაძლებელი.

ამჟამად კვლევები გრძელდება ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი